მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაავადებების პრევენციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ლომის წვლილი აქვთ” - როგორ მიმდინარეობს რეფორმა?

ლომინაძე

“პრევენცია არის ჯანდაცვის საფუძვლები. თუკი რაიმეს გვინდა მივაღწიოთ ჯანდაცვაში უნდა იყოს პრევენცია, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი ვერაგი დაავადებები, როგორიც ონკოლოგიაა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია და ა.შ ამ მიმართულებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს და თანამშრომლებს აქვს ლომის წვლილი…”,-ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე bm.ge-ს მიერ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აცხადებს.

როგორც ცნობილია, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სატესტო რეჟიმის შემდეგ აქტიური განხორციელების ეტაპზე გადავიდა. დაფინანსების მოდელის ცვლილება, ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების ზრდა, ახალი სერვისების დამატება და შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება კლინიკებისთვის - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რასაც პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს. პროგრამა გასული წლის ივლისიდან სატესტო რეჟიმში 6 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ამოქმედდა, დღეს კი მასში 43 კლინიკა მონაწილეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს გაცხადებული აქვს, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში სექტორის 120 მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს, რისი გავლენითაც, ჯანდაცვის სექტორს დაახლოებით, 160-მილიონიანი შეღავათი ექნება.

“პირველადი ჯანდაცვის რგოლი უნდა იყოს მაქსიმალურად აწეული სკრინინგთან და ვაქცინაციასთან ერთად. ის პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებები, რომლებიც ჩაერთნენ პროგრამაში, უკვე იღებენ ახალ დაფინანსებას და მეტ დაფინანსებას”,-აცხადებს ზაზა ლომინაძე.

საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებს პროგრამაში ჩასართავად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რის გამოც სექტორს დამატებითი ინვესტიციის განხორციელება უწევს. რეფორმა ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასო გამოკვლევების სპექტრის დამატებასაც. გარდა იმისა, რომ 50%-ით იზრდება კლინიკების დაფინანსება, შედეგებზე ორიენტირებული სისტემა მათთვის ანაზღაურების დამატებით, 10%-იან ზრდასაც ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების განახლებულ მოდელში ჩართვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ჯანმრთელობის სააგენტოში პროგრამაში ჩართვის სურვილი განაცხადით დამატებით უკვე დაფიქსირებული აქვთ დაწესებულებებს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1-ელი მარტიდან ჩაერთვებიან. 2028 წლიდან პროგრამაში სოფლის ექიმების და ამბულატორიების ჩართვაც არის გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები