მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

№21 საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები შენობის ექსპერტიზის პროცესში გამჭვირვალობას ითხოვენ

21 სკოლა

თბილისის№21 საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები შენობის ექსპერტიზის პროცესში გამჭვირვალობას ითხოვენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. №21 საჯარო სკოლის საზოგადოება ეჭვქვეშ აყენებს სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნას შენობის დემონტაჟის შესახებ, რადგან მათი მტკიცებით, დამოუკიდებელი ექსპერტიზით შეფასება მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას ეფუძნებოდა და რეალური გაზომვები არ ჩატარებულა. მშობლებისა და პედაგოგების ჯგუფი ითხოვს, შენობის ხელახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინსტრუმენტულ სეისმურ შეფასებას და პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, პროცესის სრულ გამჭვირვალობას, მათ შორის დასმულ კითხვებზე წერილობით პასუხებსა და განათლების სამინისტროსა თუ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ გადაცემას.

№21 საჯარო სკოლის მშობლების და მასწავლებლების განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის №21 საჯარო სკოლის მშობლები და პედაგოგები ასაჯაროებენ დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას, რომლის საფუძველზეც ამ ეტაპზე ვერაფრით მტკიცდება, რომ სკოლის შენობა დემონტაჟს საჭიროებს, ამის პარალელურად, სამხარაულის ეროვნული ბიურო კვლავ განაგრძობს სკოლის შენობის ექსპერტიზას და მიუხედავად მათი თანხმობისა, სკოლის საინიციატივო ჯგუფს პროცესში მონაწილეობის უფლებას არ ძლევენ.

შეგახსენებთ რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2026 წლის 10 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, №21 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ემუქრებოდა. მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და საზოგადოების მწვავე პროტესტის შედეგად, სამინისტრომ სკოლის დემონტაჟი 1 წლით გადადო, თუმცა ახლა უწყებამ საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა და ექსპერტები სიტუაციის ახლიდან შესაფასებლად მიიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის საინიციატივო ჯგუფს შეჰპირდნენ პროცესის სრულ გამჭვირვალობას, პირობა დაირღვა და პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

გიზიარებთ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასებულ დასკვნას, სადაც 5 ძირითადი საკითხი გამოიკვეთა:

  1. დაზიანება არ გაზომილა. დასკვნა მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას ეფუძნებოდა. 2023 წელს იმავე ბიურომ იგივე დაზიანება I ხარისხად შეაფასა და შენობა უსაფრთხოდ ცნო. 2026 წელს კი ის II–III ხარისხად შეფასდა, ახსნის გარეშე.
  2. IV კატეგორია გამოთვლის გარეშე მიენიჭა. დადგენილება №161 მოითხოვს დაზიანებული ნაწილის გამოთვლას. ეს არ გაკეთებულა. დაზიანების III ხარისხი პირდაპირ III კატეგორიად იქცა.
  3. გამოყენებულია არასწორი ნორმები. შენობა მსხვილბლოკიანია, თუმცა მისი შეფასებისას აგურის შენობისთვის დადგენილი ზღვრები იქნა გამოყენებული. ხუთი შენიშვნიდან ნორმაში საფუძველი მხოლოდ ორს აქვს. ამ ორზე 2023 წელს ბიურომ გამაგრება შემოგვთავაზა
  4. IV კატეგორიამდე ამაღლება არ არის დასაბუთებული. ეს ნორმა დისკრეციულია. დასკვნა არ შეიცავს გაანგარიშებას, რომელიც მისი გამოყენების აუცილებლობას აჩვენებს
  5. გამაგრების ვარიანტი არ განხილულა. IV დადგენილება კატეგორიისთვის დემონტაჟის თანაბარ ვარიანტად გამაგრებას უშვებს. გამაგრებისა და ახალი შენობის ღირებულებები არ შედარებულა. ამასთან, დემონტაჟის რეკომენდაციიდან 9 დღეში იმავე ბიურომ დაუშვა შენობის დროებითი გამოყენება და განაცხადა, რომ ის ავარიულ მდგომარეობაში არ არის.

ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ: ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ შენობა უსაფრთხოა. ჩვენ ვამბობთ, რომ შენობის რეალური მდგომარეობა არცერთ დასკვნაში გაზომვით არ დადგენილა. ბავშვების უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილება, ფაქტებს უნდა დაეფუძნოს და არა - ვიზუალურ დათვალიერებას.

15 ოქტომბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც ერთი მხრივ, მშობლები და სკოლის პედაგოგები, მეორე მხრივ კი, განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი. ჯგუფის მიზანი თანამშრომლობა იყო, თუმცა სასკოლო საზოგადოების კითხვებს, სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები პასუხებს არ სცემენ. სამხარაულის ექსპერტები სკოლაში მისვლის შესახებ წინასწარ არ გვატყობინებენ, თუმცა შეთანხმება იყო, რომ დათვალიერებას დამოუკიდებელი ექსპერტიც დაესწრებოდა.

ჩვენი მოთხოვნები:

  1. შენობაში დამოუკიდებელი, ინსტრუმენტული სეისმური შეფასება საერთაშორისო სტანდარტებით (EN 1998-3 / ASCE 41)
  2. ყველა ექსპერტიზისა და ადგილზე ვიზიტზე ჩვენი ექსპერტის დასწრება
  3. მოთხოვნილი დოკუმენტებისა და ბრძანებების დაუყოვნებლივ მოწოდება
  4. წერილობითი პასუხი სამუშაო ჯგუფში დასმულ კითხვებზე.

მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ მიგვიღია შემდეგი დოკუმენტები:

განათლების სამინისტროდან:

  1. გადაწყვეტილება სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებასა, სკოლის შენობის დემონტაჟისა და მოსწავლეთა სხვადასხვა სკოლებში გადანაწილების შესახებ
  2. გადაწყვეტილება სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენასა და სკოლის შენობის გარე ფასადზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ
  3. გადაწყვეტილება პირველი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ
  4. ინფორმაცია სკოლის ალტერნატიული შენობის მოძიების შესახებ
  5. ინფორმაცია ცხინვალის თეატრის შენობის სკოლისთვის გადაცემის შესახებ.

მუნიციპალური განვითარების ფონდიდან:

  1. გადაწყვეტილება სკოლის შენობაზე განმეორებითი კომპლექსური ინსტრუმენტული ექსპერტიზის განხორციელებისას ჩვენი ექსპერტის ჩართვის შესახებ
  2. სამხარაულის ექსპერტიზისთვის მიწოდებული ტექნიკური დავალება
  3. ინფორმაცია სკოლის შენობის გარე ფასადზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გაწერილი ეტაპების შესახებ
  4. პასუხები 2026 წლის 22 სექტემბერს მიწერილ წერილებზე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები