მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

21-წლიანი მუშაობის შემდეგ პიცერია „პრეგო“ დაიხურა - „არავის ვაბრალებთ, უბრალოდ, ვეღარ გავწვდით..."

60c30be27b2ef
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.21 11:05
7261
თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოქმედი პიცერია „პრეგო რეალი“ დაიხურა. ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება ოპერირებიდან 21 წლის შემდეგ მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია პიცერიის ფეისბუქ გვერდის საშუალებით გაავრცელა.

BM.GE პიცერიის ხელმძღვანელს ეკა წერეთელს დაუკავშირდა, რომელმაც კვების ობიექტის ბაზრიდან გასვლის მიზეზები განგვიმარტა.

„გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო. ეპიდემიის პირველი ტალღის გავრცელებისას, ვფიქრობდით გაგვეგრძელებინა, თუ არ გაგვეგრძელებინა ბიზნესი, მაგრამ თანამშრომლების, სახელმწიფოს და მეიჯარის მიმართ აღებული ვალდებულების გამო მაშინ ბიზნესის გაგრძელება გადავწყვიტეთ. გარკვეული პერიოდი მიტანის სერვისზე ვიყავით გადასული, მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენად დიდი იყო დელივერის პროცენტი, მივხვდით, რომ საქმე ჩვენთვის წამგებიანი გახდა და... ვეღარ გავწვდით. ეს არ არის კონკრეტული მიზეზების გამო მიღებული გადაწყვეტილება, ეს გამოწვეულია გლობალურად შექმნილი ვითარებით. ყველაფერს აქვს საწყისი და ბოლო... ამ ეტაპზე ჯობდა სტუმარ-მასპინძლობის სამყაროდან გავსულიყავით.

მაგრამ ჩვენს ოჯახში, რომელიც სრულად ჩართულია ამ ბიზნესში, იმედს ვიტოვებთ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ „პრეგო რეალის“ სახელი პომპეზურად და ლამაზად დაბრუნდება. ბიზნესს თავისი მკაცრი კანონები აქვს. არავის არ ვაბრალებთ“, - უთხრა BM.GE-ის პიცერიის ხელმძღვანელმა.


მისი ინფორმაციით, „პრეგო რეალს“ ბოლო პერიოდში 12 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. BM.GE პიცერიის ფეისბუქ პოსტსაც გთავაზობთ, სადაც ბრენდის შექმნისა და განვითარების ისტორიაა აღწერილი.

„დღეს, უკვე გემრიელი პიცა არავის უკვირს თუმცა მაშინ, 2000-იანი წლების საქართველოში ბევრი რამ გვიკვირდა, ან უფრო სწორად, ბევრი რამ არც გვქონდა... იმ წლის 6 თებერვალს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩნდა ერთი პატარა კვების ობიექტი, რომელზეც ვერავინ იტყოდა, რომ მომდევნო 21 წლის განმავლობაში შექმნიდა პიცის ეპოქას, დიახ, ეს იყო პიცერია „პრეგო რეალეს“ პიცის ეპოქა...

ეს იყო ძალიან დიდი შრომით, წვალებით, იმედგაცრუებით და ასევე უამრავი სიხარულით, ბედნიერებით, სიყვარულით და სიახლეებით აღსავსე 21 წელი... ეს იყო სრულიად განსხვავებული გარემო გახსნის პირველი დღიდან ბოლო დღემდე...იმდენად შინაურული გარემო იყო, რომ თავს ვერც უცხოდ და ვერც სტუმრად ვერ იგრძნობდით...
ძალიან ხშირად შეიძლებოდა შესწრებოდით ისეთ სიტუაციას, რაც დღევანდელი გადმოსახედით არ ჯდება მომსახურების სტანდარტებში, თუმცა აქ თითქმის ყოველ დღე შეიძლებოდა შეხვედროდით მის დამფუძნებელს ზაალ ჩიკვაიძეს, რომელიც ან თავად მოგემსახურებოდათ მაგიდასთან, ან მოგიმზადებდათ კერძს და ეს ჩვეული ამბავი იყო ამ პატარა იტალიურ რესტორანში... დიახ, ბნელ 2000 წელზეა საუბარი...

ყველაფერს აქვს თავისი დრო... პიცერია პრეგო რეალე წყვეტს ფუნქციონირებას... ბევრ სხვა გარკვეულ მიზეზთან ერთად მსოფლიო პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა კრიზისმა ალბათ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ამ გადწყვეტილების მიღებაში“, - წერია პიცერიის ხელმძღვანელი პოსტში, სადაც ეკა წერეთელი „პრეგო რეალის“ ყველა თანამშრომელსა და მომხმარებელს მადლობას უხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები