“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ პლასტიკის ბოთლებით სასმლის წარმოების და რეალიზაციის აკრძალვის გადავადების შემდეგ, კვების ობიექტებში პლასტიკით სასმელების გაყიდვის აკრძალვა მათთვის მოულოდნელი იყო. „ამათი ცნობიერებიდან კომუნისტური მიდგომები ვერ ამოიძირკვა“ - ასე ეხმაურება თემურ ჭყონია მორიგ რეგულაციას და განმარტავს, რომ ზაფხულის აქტიურ სეზონზე, მაშინ როდესაც წყლის და სხვა სასმელების მოთხოვნა-მოხმარება იზრდება, ასეთი რეგულაციების დაწესება, მიუღებელია.
ბიზნესმენი ამბობს: „ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება და უფლება, აირჩიოს ის პროდუქცია, რომელიც მის მოთხოვნილებას, ჩვევებსა და ფასებს შეესაბამება“. საქართველოში სასმელი წყლისა და სხვა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი იმასაც აცხადებს, რომ ბიზნესი ამ კუთხით მარკეტინგს ძალიან პრაგმატულად და მეცნიერულად უდგება და ზუსტად იცის ინვესტიციებს რისთვის ახორციელებს. ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება პროფესიონალებთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.
„ამასწინათ, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა არაჩვეულებრივი ინფორმაცია მოგვაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ 4 წლით გადავადდა პლასტიკის აკრძალვა, რაც უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას (და არა - შეზღუდვას) ითვალისწინებდა. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის გაუმჯობესების კუთხით საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენ ახლა ვიწყებდით გარემოს დაცვის სამინისტროსთან ინტენსიურ და პროდუქტიულ პროექტებზე მუშაობას, რისთვისაც დღესაც მზად ვართ. ამასთან, ჩვენი კომპანია 10 წელიწადია ამ თემის გარშემო მუშაობს და დიდი გამოცდილება გვაქვს შეძენილი.
მოხდა ისე, რომ ისევ წამოიწია თემამ, რომელიც თავის დროზე აკადემიკოსმა სულიკო პავლიაშვილმა წამოჭრა - უნდა აიკრძალოს პლასტიკატი „საზოგადოებრივ კვებაში“. ეს სახელიც ჩემთვის ძველი, ნოსტალგიური კომუნისტური სისტემის გადმონაშთია, ადრე ამას „ობშეპიტი“ ერქვა. ამ თემის ხელახლა წამოწევა ამ ადამიანის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია. პლასტიკის ბოთლები გამოიყენება ზღვისპირა რესტორნებში, საზოგადოებრივი შეკრების ობიექტებში, ტურიზმში, სპორტში და ა.შ. პლასტიკის შექმნა გათვლილი იყო ადამიანის მოხმარების სხვადასხვა ჩვევებზე და ის უსაფრთხო უნდა ყოფილიყო.
ქუჩაში შუშის ბოთლის მოხმარება გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება, ამასთან, ივლისიდან ზაფხულის ცხელი პერიოდი იწყება და თუ გადახედავთ, ბევრ ქვეყანაში გაყიდვების შეზღუდვის რეგულაციებიც კი მოხსნილია, ძლიერი სიცხეები სადაცაა, ქალაქის მერებიც კი აცხადებენ, რაც შეიძლება მეტი წყალი გაიყიდოს ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) თავიდან ასაცილებლად. ამ გახურებული სიცხეების პერიოდში, ივლისში, რაღაც დეპარტამენტები ისევ შეზღუდვებს აწესებენ. წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა მოთხოვნა-მოხმარება იზრდება, იზრდება აკრძალვები.
ჩვენ სხვა რაღაცასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გარემოს დაცვასთან, ეკონომიკასთან და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებასთან. ამით ადამიანს უფლებებსა და არჩევანს ვუზღუდავთ, მეორეც, არის სხვადასხვა ფასების სეგმენტები: იაფფასიანი, საშუალო და პრემიალური კლასის პროდუქცია. ჩვენმა ბიზნესმა არაჩვეულებრივად იცის, რა სეგმენტში რა ღირებულების, რა შეფუთვის, რა ზომის პროდუქცია უნდა გამოუშვას, პირველ რიგში, ადამიანის ჩვევები, მოხმარების გაადვილება, ფასებზე ხელმისაწვდომობა რომ გაითვალისწინოს. ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება და უფლება, აირჩიოს ის პროდუქცია, რომელიც მის მოთხოვნილებას, ჩვევებსა და ფასებს შეესაბამება. ამის რეგულირების უფლება არავის აქვს, ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა. მინის ტარის მოხმარება აუზებში, ტურისტებისთვის, რომლებიც მთებში, ან ზღვის სანაპიროზე დადიან, სახიფათოა. მინის ბოთლის მოხმარებას თავისი წესი და ადგილი აქვს, პლასტიკს, შეფუთვების სიდიდეს, ფასების დალაგებას - თავისი წესი და ადგილი. ეს ყველაფერი შესწავლილი და სეგმენტირებულია მაღალ დონეზე. ბიზნესი არის მეცნიერება და ეს ამათ მაინც ვერ გავაგებინე, ამათი ცნობიერებიდან კომუნისტური მიდგომები ვერ ამოიძირკვა, ვერ შეიგნეს, რომ ბიზნესი გაცილებით პრაგმატულად და მეცნიერულად უდგება მარკეტინგს, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ჩვენ ხომ ამაზე ვშრომობთ, ინვესტიციებს ვახორციელებთ, შესაბამისად, ვიცით, რისთვის ვაკეთებთ ამ ინვესტიციას. ზოგიერთები კი გვეუბნებიან, თქვენ რა ინვესტიციებსაც აკეთებთ, ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცითო. პროფესიონალებთან კონსულტაციების გარეშე ასეთი საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩემთვის მოულოდნელი იყო, პრემიერის პრაგმატული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ამ თემაზე რომ გვიწევს საუბარი. ეს ახირება მგონია, სხვა არაფერი“, - აცხადებს თემურ ჭყონია.
ცნობისთვის, 2026 წლის პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის სასმელების პლასტიკის ბოთლებით, ასევე საკვების პლასტიკის ჭურჭლით და კონტეინერებით მიწოდება აიკრძალება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის პირველი აპრილიდან უკვე აიკრძალა საქართველოში ერთჯერადი პლასტიკის ჭურჭლის, ჭიქების, თეფშების, დანების, კოვზების, საწრუპების იმპორტი და რეალიზაცია, რასაც პირველი ივლისიდან პლასტიკის ბოთლებით საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სასმელების რეალიზაციაც დაემატება. შესაბამისად, პირველი ივლისიდან კომპანიებს მომხმარებელთა მომსახურება ალუმინის ქილის ან შუშის ბოთლების გამოყენებით მოუწევთ. ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ პლასტიკის ბოთლების სრული აკრძალვა გადავადდა და ის 2031 წლიდან ამოქმედდება.


























