თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 23 ივლისიდან რუსთაველის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. მიზეზი გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის დაწყებაა.
მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ეს მათი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა პროექტის დაწყება რამდენჯერმე ჩაშლილი ტენდერების გამო გაიწელა.
როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში
„სამუშაოები 23 ივლისს, ღამის 12 საათიდან დაიწყება, რა დროიდანაც რუსთაველის გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება,“ - განაცხადა მერმა.
კახა კალაძის თქმით, სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს და პროექტი ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
კალაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება, რის შემდეგაც საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.
„პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწისქვეშ არსებული კომუნიკაციების განახლება შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები. საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთანავე, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა: განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს მოეწყობა მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელები. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
სამუშაოები, რომლებსაც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული.“
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სატენდერო კომისიამ ტენდერებში გამარჯვებულად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" გამოავლინა.
პროექტი სამ ლოტად დაიყო:
- ბესიკის ქუჩიდან - თავისუფლების მოედნამდე: სავარაუდო ფასი – 7,981,840 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 7,921,830 ლარი;
- სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ - ბესიკის ქუჩამდე: სავარაუდო ფასი – 5,842,569 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 5,781,000 ლარი;
- თ. ჭოველიძის ქუჩიდან - „მერანამდე“: სავარაუდო ფასი – 6,130,241 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 6,070,152 ლარი.
- ჯამი: სავარაუდო ფასი – 19,954,650 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" ფასი ჯამურად 19,772,982 ლარი.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია "სმარტ სოლუშენსი" ბიზნესმენ ლევან გოგსაძის საკუთრებაშია და ის 2015 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა იკავებენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის თანახმად, კომპანია თეთრ სიაშია და მას რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული.




























