მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

24 მარტს მაღაროელები თბილისში აქციას აანონსებენ - როგორია სამოქმედო გეგმა?

პროტესტი

ორშაბათს, 24 მარტს ჭიათურის მაღაროელები თბილისში აქციას აანონსებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მაღაროელები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"ორშაბათს 24 მარტს მივდივართ თბილისში, რადგან ჩვენი ხმა უფრო მკაფიოდ გავაგონოთ ხელისუფალს.

ეს ყველაფერი დიდი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ვისაც მშრომელ ხალხზე გული შეგტკივათ და ვინც ვერ ეგუებით სოციალურ უთანასწორობას, შეგიძლიათ თანადგომა დონაციით გამოხატოთ”, - წერია განცხადებაში.

BM.GE უფრო მეტი დეტალის გასარკვევად აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, მაღაროელ ტარიელ მიქაცაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის დეტალებზე დღეს უნდა შეჯერდნენ. თუმცა ერთი რამ დაზუსტებულია, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ სახელმწიფოს მხრიდან გამოხმაურება და მათთან მოლაპარაკებები არ დაიწყება.

“სახელმწიფოს მხრიდან 20 დღის განმავლობაში არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ჩამოვიდეთ. ზუსტი ლოკაცია არ გვაქვს შერჩეული. ეს იქნება ან პარლამენტის წინ, ან მთავრობის კანცელარიის წინ. დღეს უნდა შევჯერდეთ. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ერთი დღე აქციისთვის საკმარისი არ იქნება და უფრო დიდი ხნის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ამასთან, პარალელურ რეჟიმში, აქციები ჭიათურაშიც უნდა ვმართოთ, როგორც 2023 წელში. მოკლედ, რაზედაც შევჯერდებით, შემდეგ უკვე ამას საჯაროდ ვიტყვით.

ადამიანთა ზუსტი რაოდენობის თქმა რთულია, თუმცა სავარაუდოდ, ჭიათურიდან 400-მდე ადამიანის ჩამოსვლა იგეგმება. ამასთან, თბილისშიც გვყავს ახლობლები და სავარაუდოდ ისინიც შემოგვიერთდებიან. სანამ მთავრობისგან არ იქნება გამოხმაურება და მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავსხდებით, მანამდე აქციები არ შეწყდება”, - ამბობს მაღაროელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები