მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„25 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა“ - ამბროლაურის მერი

63f730e823da7
თინათინ ნატმელაძე
23.02.23 13:32
729
„ამჟამად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში მისასვლელი გზა ჩაკეტილია, 25 სოფელს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება“, - ამის შესახებ BM.GE-ს ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, უკვე სამი დღეა, რაც დიდთოვლობამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიისა და გადაადგილების პრობლემები შექმნა.

„მობილიზებულია ყველა სახის ტექნიკა და ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. სავარაუდოდ, დღეს საღამოს 3-4 სოფელი დაგვრჩება, ხვალ კი ამ სოფლებში მისვლაც არ უნდა იყოს პრობლემური.

ყველაზე რთულად საქმე არის ნიკორწმინდის ფიდერში, სადაც ცხრა სოფელია გაერთიანებული, აქ თოვლის საფარი 2 მეტრამდე აღწევს, მოტეხილი ხეები და ჩახერგილი გზა კი გაწმენდით სამუშოებს აფერხებს, თუმცა დღეს საღამოს, ამ ფიდერის გარდა, სოფლების 90%-ში მისასვლელი გზა გაწმენდილი გვექნება.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, თოვლის მოსვლის პირველივე დღიდან პრობლემური იყო ქალაქი ამბროლაურიც და მუნიციპალიტეტის ყველა ნაწილი, თუმცა აქაც აქტიურად ვმუშაობთ, დამხმარე ბრიგადები ჩამოვიდნენ "ენერგო პროს" სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებიდან - კახეთიდან, სამეგრელოდან, თიანეთიდან და ესენიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ხვალ საღამოდან ამ სოფლებშიც უნდა აღდგეს ელექტრომომარაგება", - განაცხადა ზვიად მხეიძემ.

ამბროლაურის მერი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებია რაჭაში მსგავსი ნალექი არ მოსულა, მძიმე თოვლმა და პარალელურ რეჟიმში წვიმამ, სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.

"მიუვალი ადგილების გამო, სპეცტექნიკას მუშაობა უჭირს" - "ენერგო-პრო" რაჭაში არსებულ ვითარებაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები