მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

25 წლის წინ WTO-ში გაწევრიანებით ავაშენეთ უფრო ღია, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა - გენადი არველაძე

23232

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, 25 წლის წინ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებით, ავაშენეთ უფრო ღია, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა. მან ამის შესახებ ჟენევაში განაცხადა, სადაც WTO-ს შტაბ-ბინაში საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

"ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით შედგა და მას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო - ივეალა დაესწრო.

„დღეს საქართველო ამაყობს, რომ აღიარებულია როგორც სანდო სავაჭრო პარტნიორი, ლიბერალური ეკონომიკური პრინციპების ლიდერი და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ერთგული წევრი. WTO-მ ცენტრალური როლი ითამაშა ამ პროგრესში ვაჭრობის სტაბილური საფუძვლის უზრუნველყოფით და დიალოგის, რეფორმებისა და თანამშრომლობის წახალისებით,“- განაცხადა გენადი არველაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ WTO გლობალური ინტეგრაციის შესაძლებლობას იძლევა, საქართველო აგრძელებს პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას რეგიონის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზრებთან. მისი თქმით, საქართველოს აქვს მრავალი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც მოიცავს 2,3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ხარისხიან ბაზრებს და უზრუნველყოფს ქართული კერძო სექტორისთვის ბაზარზე გაზრდილ ხელმისაწვდომობას.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობდა WTO-ს ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავდა მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის გაძლიერებას. მისი თქმით, 25 წლის წინ WTO-ში გაწევრიანებით საქართველომ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისკენ.

„ეს იყო პირობა, რომ ჩვენი პოლიტიკა შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ხელს შევუწყობდით გამჭვირვალობას და აქტიურად მივიღებდით მონაწილეობას გლობალურ სავაჭრო სისტემაში. მას შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა. ჩვენ ავაშენეთ უფრო ღია, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა. შევქმენით სავაჭრო ჩარჩო, რომელიც პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელია. ჩვენი ექსპორტიორები გლობალურ ბაზრებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობით სარგებლობენ, ხოლო მომხმარებლები - მაღალი ხარისხის საქონლისა და მომსახურების ფართო არჩევანით,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, WTO-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო 25 წლის განმავლობაში, მართლაც მაგალითია, როგორ იყენებს ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის.

„საქართველოსთან თანამშრომლობა 25 წლის წინ დავიწყეთ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, რადგან საქართველოთი ძალიან ვამაყობთ. ის, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო 25 წლის განმავლობაში, მართლაც მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ქვეყანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობას ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის, შემდეგ კი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის, რათა გახდეს ერთგვარი ეკონომიკური ჰაბი.

რთულია, ისეთივე სამაგალითო სხვა ქვეყანა გაიხსენო, როგორიცაა საქართველო. ასე რომ, მე მაქვს თხოვნა საქართველოსადმი: გთხოვთ, გააზიარეთ თქვენი გამოცდილება, თუ რა სარგებელი მოაქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას ქვეყნისთვის, ხალხისთვის, და განსაკუთრებით კი გაუზიარეთ მათ, ვინც ჯერ კიდევ გაწევრიანების პროცესშია. რეგიონში ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე ასეთი ქვეყანა,“ - განაცხადა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გაწევრიანების დირექტორატის ხელმძღვანელმა მაი კოშიკავამ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების დღიდან საქართველოს მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები