მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

250-გვერდიან “ხედვა 2030”-ში მთავრობა ანაკლიის პორტს მხოლოდ ერთხელ ახსენებს

636a5a4514830
BM.GE
08.11.22 23:55
882
საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული დოკუმენტი “ხედვა 2030” გამოაქვეყნა, რომელშიც მთავრობის სამიზნეებსა და გეგმებზეა საუბარი. მათ შორის დოკუმენტი მოიცავს ეკონომიკის განვითარების სამიზნე მაჩვენებლებსაც. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მთავრობა წერს, არის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მხრივ “ხედვა 2030”-ში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და ფოთის პორტის გაფართოებაზე.

თუმცა ამასთანავე მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შავ ზღვაში გემების შესვლა ბოსფორის სრუტეზეა დამოკიდებული და შესაბამისად, მისი პროგნოზირება რთულია. სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლიის პორტს დოკუმენტი კი მხოლოდ ერთხელ ახსენებს.

“ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი როლი გააჩნია საზღვაო ტრანსპორტს. საქართველოს ნავსადგურებში ტვირთების ნაკადის დიდი ნაწილი ტრანზიტულია. კერძო მმართველების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მიუხედავად, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებს მნიშვნელოვანი საოპერაციო შეზღუდვები გააჩნიათ მათი კონფიგურაციის გამო.

ამასთან, გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული ფიქსირებული გრაფიკის დადგენა. შავ ზღვაზე გემების შემოსვლა დამოკიდებულია ბოსფორის სრუტეზე და, შესაბამისად, რთულად პროგნოზირებადია.

გემების მომსახურების ხარჯების მიხედვით, შავი და მარმარილოს ზღვების აუზში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქართული ნავსადგურებია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არსებულ ნავსადგურებში სატარიფო პოლიტიკა არ ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას.

საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, რაც გულისხმობს ეროვნული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მზარდ სისტემას, ახალ სარკინიგზო მარშრუტებს, საერთაშორისო აეროპორტებსა და გაფართოებულ საზღვაო ნავსადგურებს/ტერმინალებს, მათ შორის, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების რეალიზებას,” - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის: ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით არაბეთის გაერთიანებული საამიროების, “აბუ დაბის პორტების” კორპორაცია დაინტერესდა. თავად AD Ports Group-ი აბუ-დაბის საამიროს დაქვემდებარებული სახელმწიფო კომპანიაა. მინისტრის განცხადებით, პორტის თაობაზე დაინტერესება სხვა კომპანიებმაც გამოხატეს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები