მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 ათას ტონაზე მეტი მანდარინია ექსპორტირებული... ფასიც წელს უფრო მაღალია - შამუგია

მანდარინი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსის მიმღებ გადამმუშავებელ საწარმოში შპს „ავე ვაინ ჯორჯია“ იმყოფებოდნენ. საწარმოში ციტრუსის მიღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები არასტანდარტული ციტრუსის ჩაბარების პროცესს გაეცნენ. საკონსერვო ქარხანამ შპს „Georgian industrial Asset Management Group“ ნედლეულის მიღება 4 დეკემბრიდან დაიწყო.

„ციტრუსი აჭარასა და გურიაში ფერმერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. მთავრობა მაქსიმალურად ეხმარება მათ პროდუქციის რეალიზებაში. დღეის მდგომარეობით, უკვე 26 ათას ტონაზე მეტი მანდარინია ექსპორტირებული, რაც მნიშვნელოვნად მეტია გასული წლის მონაცემებზე. საექსპორტო ფასიც წელს უფრო მაღალია. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ხორციელდება სუბსიდირება; დიდია მხარდაჭერა გადამუშავების ნაწილშიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ სეზონი ფერმერებისთვის ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა. საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს.

„ჩვენი პროგნოზით, წელს მაღალშემოსავლიანი წელი გვექნება. უკვე ექსპორტირებულია ციტრუსის რეკორდული რაოდენობა. საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ რეალიზაციის გარეშე არ დარჩეს არც ერთი კილოგრამი მანდარინი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ აღნიშნა, ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა. შტაბის გამართული მუშაობის შედეგად, მანდარინის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი 55 ათასი ტონა იქნება. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო იღებს.

დღეის მდგომარეობით, უკვე ექსპორტირებულია 26 600 ტონა სტანდარტული მანდარინი. მიღებული და გადამუშავებულია 4 533 ტონა არასტანდარტული მანდარინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები