მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები - 3 - 9 თებერვალი

ნათია თურნავა

გთავაზობთ გასული კვირის (3-9 თებერვლის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა

პარასკევს 7 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის ახლად დაკომპლექტებულმა საბჭომ ნათია თურნავა, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას 2023 წლის ზაფხულიდან ასრულებდა ერთხმად დაამტკიცა სებ-ის პრეზიდენტის პოსტზე.

ნათია თურნავამ სებ-ის საბჭოს შემადგენლობაში საქმიანობა 2022 წლის ივნისიდან დაიწყო.

ეროვნული ბანკის საბჭო დაკომპლექტდა

მიხეილ ყაველაშვილმა გასულ კვირაში პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა, რომელთა მოსმენა მხოლოდ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. 1-საათიანი მოსმენის შემდეგ კი მათი კანდიდატურები დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გავიდა. შედეგად, ამჟამად, ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტური ადგილები აღარ არის. საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ: ოთარ შამუგია, ვახტანგ ბურკიაშვილი, ლევან ძნელაძე და ნინო ჯელაძე.

ნათია თურნავა სასამართლოში წარსდგება – საქმე "ივანიშვილი-ბაჩიაშვილის წინააღმდეგ"

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში, ნათია თურნავა სასამართლოში „ივანიშვილი-ბაჩიაშვილის წინააღმდეგ“ პროცესზე წარდგება. საქმე უკავშირდება სებ-ის მიერ "ქართუ ბანკის" 200,000 ლარით დაჯარიმების საკითხს, რომლითაც სებ-მა დაადგინა 2015 წლის ზაფხულში ბანკის მიერ გიორგი ბაჩიაშვილისთვის მიცემული კრედიტის პროცედურები არღვევდა სებ-ის მარეგულირებელ ნორმებს.

საქმეზე სებ-ის პრეზიდენტის ჩვენება სწორედ პროკურატურის არგუმენტების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული.

პარლამენტის წევრთა რაოდენობა 101-მდე შემცირდა

საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 101-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც სამი პოლიტიკური გაერთიანების დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პლენარულმა სხდომამ დაუჭირა მხარი. ამასთან, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრებმა, რომლებმაც ცესკოს შედეგების მიხედვით 12 მანდატი მიიღეს, პარლამენტისთვის მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით არ მიუმართავთ. შედეგად, მე-10 მოწვევის პარლამენტი 89 დეპუტატით განაგრძობს მუშაობას.

„ოცნებამ“ PACE-დან დელეგაციის წევრები გამოიწვია

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ. მმართველი პარტია აცხადებს, რომ მიუხედავად გამოწვევისა, დელეგაცია არ გაუქმდება.

"ქართული ოცნება" კანონმდებლობას ამკაცრებს

„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონმდებლობას. ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე იზრდება. ასევე, სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის სასჯელი 5-დან 6 წლამდე გაიზრდება, რაც მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში გადავა. მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები „ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით“ ხორციელდება.

საქართველოში სავალუტო ფონდის მისიამ მუშაობა დაასრულა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები, ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ეკონომიკური რეფორმების პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები. საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოში ვიზიტის შესახებ ოფიციალური პრეს-რელიზი არ გაუვრცელებია.

იანვარში ბიუჯეტში დღგ-ს შემოსავალი შემცირდა

სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, იანვარში დღგ-ს სახით ბიუჯეტში 806 მილიონი ლარი შევიდა, რაც 2024 წლის იანვართან შედარებით 7 მილიონი ლარით ნაკლებია.

არაერთი ეკონომისტის მხრიდან გაჟღერდა მოსაზრება, რომ დღგ-ს შემოსავლების კლება შესაძლოა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შენელების პირველი სიგნალი იყოს.

იანვარში წლიური ინფლაცია 2% იყო

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0.4% შეადგინა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 2%-ს მიაღწია. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (13.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (11.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.8 პროცენტი

„აჭარ ენერჯი“ ქარის 5 და მზის 1 სადგურს ააშენებს – ინვესტიცია $460 მილიონია

ემაარ ჯგუფის 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემდეგ, საქართველოს მთავრობა მორიგ პროექტს წარადგენს. Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ენერგეტიკის სექტორში 460 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტი მოიცავს ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგურის მშენებლობას, საერთო სიმძლავრით 360 მგვტ.

"საქართველოს ტურისტი კი არ დააკლდა, ოთახების მიწოდება გაიზარდა" – საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხმაურიანი და ემოციური გამოდგა. კომპანიების ნაწილი ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე მიუთითებს, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2025 წლისთვის პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს. მიუხედავად ამისა, სექტორის წარმომადგენლები პოლიტიკურ ვითარებას და შემცირებულ ჯავშნებს გამოწვევად მიიჩნევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები