მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 ოქტომბერი არის არჩევანი იმაზე, როგორ სახელმწიფოში გავიღვიძებთ 27 ოქტომბერს - საბანაძე

ნატა საბანაძე

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის და Chatham House-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის ნატა საბანაძის განცხადებით, 26 ოქტომბერს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას უნდა დაესვას წერტილი.

„ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე და გამოვიყენოთ ის საოცარი შესაძლებლობები, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით“, - თქვა მან „წერტილთან“ ინტერვიუში.

ნატა საბანაძე იზიარებს იმ შეფასებას, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აქვს რეფერენდუმის ფასი.

„26 ოქტომბერი არის არჩევანი იმაზე, გადარჩება თუ არა ქართული დემოკრატია“, - აღნიშნა ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრისას საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის ურთიერთკავშირს გაუსვა ხაზი.

„რა თქმა უნდა, 26 ოქტომბრის არჩევნები პოლიტიკური მოღვაწეების და მათ შორის პრეზიდენტის შეფასებით, არის გარკვეულწილად რეფერენდუმი საქართველოს საგარეო კურსთან მიმართებით. არჩევანი არის ძალიან ცალსახა, რადგან თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში და გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ატარებს, რა თქმა უნდა, სულ სხვა მიმართულებით, სულ სხვაგან წავა ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკა.

დიახ, 26 ოქტომბრის არჩევნები ეხება ევროინტეგრაციას, მაგრამ ასევე, უტრირებულად რომ ვთქვათ, სერიოზული არჩევანია იმის შესახებ, როგორ სახელმწიფოში გავიღვიძებთ 27 ოქტომბერს.

მეორე მხრივ, ვხედავთ, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს კლასიკური ავტორიტარიზმის დაანონსებით. ის ამბობს, რომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რაც ნიშნავს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს და ა.შ. „ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია სავსეა აგრესიით, მუქარით; ის ბანერებიც, რომელიც ვნახეთ, მშვიდობასა და ომს შორის არჩევანს გვთხოვენო, დამძაფვრელი კამპანიის ნაწილია, რომელიც ცნობილი წინასაარჩევნო ტაქტიკა - უნდა იმუშაო იმაზე, რომ ხალხს შეეშინდეს და ნაცნობი ცუდი აირჩიოს, ვიდრე უცნობი, რადგან არ ვიცით, როგორ იმუშავებს კოალიციური ხელისუფლება. ყველაფერი ამაზე არის გათვლილი.

ამდენად არჩევანი არის იმაზე, გადარჩება თუ არა ქართული დემოკრატია, რომელიც არასდროს ყოფილა სრულყოფილი, კონსოლიდირებული, ყოველთვის გამოირჩეოდა ინსტიტუტების სისუსტით, ჭარბი ძალაუფლებით ერთი პარტიის ხელში, პერსონალიზებული პოლიტიკით და ა.შ. მაგრამ გამოწვევების მიუხედავად, მაინც რჩებოდა როგორც თავისუფალი ქვეყანა, რადგან იყო მედია, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება. ამ ყველაფერს კი დღეს „ქართული ოცნება“ პირდაპირ, დაანონსებულად ემუქრება და შეიძლება, სულ სხვა მოწყობის ქვეყანაში აღმოვჩნდეთ“, “, - განაცხადა ნატა საბანაძემ და იქვე დასძინა, რომ „ქვეყანაში პირდაპირ საბჭოური დისკურსია დაბრუნებული“.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას აბსოლუტურად დაუშვებლად მიაჩნია, დათმოს ძალაუფლება, დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს ეწინააღმდეგება.

„ამ მხრივ, ქართული ოცნება“ არაა გამორჩეული; სამწუხაროდ, საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოდიოდა დიდი მანდატით, ძალაუფლების დათმობა არასდროს უნდოდა. „ოცნებაც“ ამას აგრძელებს. სხვაობა ის არის, რომ ყოველ ჯერზე, პოლიტიკურ ძალებს, ვინც ეპოტინებიან ძალაუფლებას, მეტი რესურსი აქვთ, უფრო მეტი კონტროლი აქვთ და ნაკლებად უნდათ ძალაუფლების დათმობა“, - დასძინა ნატა საბანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები