მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაკავშირებადობაში ჩვენს როლს პასუხისმგებლობით ვუდგებით, უპასუხისმგებლოა ბრიუსელი" | შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობის კუთხით საქართველო თავის როლს პასუხისმგებლობით უდგება. შალვა პაპუაშვილი უპასუხისმგებლობაში ბრიუსელს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ ჩვენს როლს დაკავშირებადობის მხრივ პასუხისმგებლობით ვუდგებით, უპასუხისმგებლო არის, ამ შემთხვევაში, ბრიუსელი" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მან განმარტა, რომ ქვეყანა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, საერთაშორისო გადაზიდვების მთავარი რგოლია და ამ ფონზე ევროკავშირი ქვეყნის მიმართ დამაზიანებელ პოლიტიკას არ უნდა ატარებდეს.

"ჩეხეთში იმპორტული ნედლი ნავთობის 40% აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით შედის. მათ შორის, ახლახან დადეს დიდი კონტრაქტი აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით და ესეც, რა თქმა უნდა, გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე. ესეც აჩვენებს, რომ საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი.

ყველაზე პარადოქსული ის არის, თვითონ [ევროკავშირი] აგებს წვრილმანი პწკენებით და წვრილმანი შურისძიებებით, რასაც დაისახავენ ხოლმე მიზნად და ბოლოს დამარცხებულები თვითონ არიან - ეკონომიკურადაც თვითონ ზიანდებიან, პოლიტიკურადაც თვითონ ზიანდებიან. საქართველო ეკონომიკურადაც წინ მიდის, პოლიტიკურადაც ძლიერდება", - აღნიშნა მან.

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი და მისი საელჩო "საქართველოს დაზიანების გეგმის განხორციელებაში" დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, ბლოკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ "დღეს ევროკავშირი საქართველოს დაზიანების კურსზეა გადართული", რათა ქვეყანა და ქართველი ხალხი პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სოციალურად დაზიანდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია, მსგავსი დამოკიდებულება "მათი საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას" აჩვენებს.

"იმდენად უმწიფარი, წინდაუხედავია მათი ქცევა, რომ იმ ქვეყნის დაზიანებას ცდილობდე და თავს ესხმოდე ეკონომიკურად თუ პოლიტიკური განცხადებებით, რომელიც შენი ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლია...

სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ გვაქვს ხოლმე ეჭვი, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა ბრიუსელში, არამედ ცალკეულ არაფორმალურ ჯგუფებში, რომლებიც შემდეგ გავლენას ახდენენ სხვადასხვა ქვეყნებზე და ბიუროკრატებზე იმისთვის, რომ თავისივე თავი დააზიანებინონ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები