მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ბრიუსელი ბარიერია საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელის ბიუროკრატიამ ევროპული ღირებულებების საპირისპიროდ, კონფრონტაციისა და ბოიკოტის გზა აირჩია, რაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ჯანსაღ დიალოგს აფერხებს.

"სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს ბარიერია საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ევროკომისრების პასუხებში კარგად გამოჩნდა მათი მიმართულება ისინი არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ხოლო როდესაც წევრ ქვეყნებზეა საუბარი, ვხედავთ მათ სურვილს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებობდეს დიალოგი.

სწორედ ამიტომ გავაძლიერეთ ბოლო პერიოდში შეხვედრები და ვიზიტები ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, წევრ ქვეყნებთან გვქონდეს კომუნიკაცია და ვისაუბროთ დიალოგის აუცილებლობაზე, ვინაიდან კონფრონტაცია და ბოიკოტი არ არის ევროპული გზა. სამწუხაროდ, ეს არაევროპული გზა აქვს არჩეული დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას.

ამდენად, მათთან საკუთარი ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანია გვქონდეს ორმხრივი კომუნიკაცია და დიალოგი, რათა საბოლოო ჯამში ბრიუსელიც დარწმუნდეს, რომ კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა და დროა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ უპასუხა ევროკომისარს მარტა კოსს, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ჯობია ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო.

პაპუაშვილის თქმითვე, ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით სრულდება, რამაც შესაძლებელი გახადა მომავალი წლის ბიუჯეტის მაქსიმალურ ნიშნულზე დაგეგმვა. მან ასევე ისაუბრა 2024 წლის არჩევნების წინა პერიოდზე და თქვა, რომ ფინანსური ინსტრუმენტებით ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

"ზოგადად, ახალი ბიუჯეტიც აჩვენებს იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს. შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება და, შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტიც მაქსიმალურ ნიშნულზეა დაგეგმილი. ეს კიდევ ერთხელ უარყოფს იმ ნარატივს, თითქოს ევროკავშირიდან რაღაც გრანტებს გვამადლიან. გახსოვთ, 2024 წელს, არჩევნების წინ, როდესაც არჩევნებზე გავლენის მოხდენა სურდათ და, ვითომ დასჯის მიზნით, უარი თქვეს 120 მილიონი ევროს ოდენობის გრანტზე, რომელიც ბიუჯეტში უნდა შესულიყო. ამის შემდეგ ჩვენს ბიუჯეტს ხუთჯერ ასი მილიონი ევროთი მეტი ნამატი ჰქონდა. ასე რომ ეს მკაფიოდ აჩვენებს საქართველოზე თანხებითა თუ სხვა საშუალებებით ზეწოლა არ ჭრის", - აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, დღეს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა თემებთან ერთად საქართველოს მდგომარეობასაც განიხილავენ.

საქართველოს საკითხი საბჭოს დღის წესრიგში მიმდინარე საქმეების ფარგლებშია შეტანილი და პირველი, არასაკანონმდებლო საკითხია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები