მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2.7%-იან ინფლაციაში სურსათის გაძვირების წონა 2 პროცენტული პუნქტია

64520c458af76
შოთა ტყეშელაშვილი
03.05.23 11:30
620
საქსტატმა 2023 წლის აპრილის წლიური ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა, ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო. დოკუმენტის თანახმად, წლიური ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების 5.9%-იანი ზრდა იყო, რამაც 2.7%-იან ინფლაციაში 2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. 

ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), თევზეული (6.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე (-14.8 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-4.4 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.3 პროცენტიანი მატება, რაც 1.05 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (31.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.6 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9 პროცენტით, რაც -1.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (8.0 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, რაც -0.78 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.6 პროცენტი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები