უკრაინის ფინანსურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ 2022 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში მხოლოდ თავდაცვის სფეროს დაფინანსების დეფიციტმა $27 მილიარდი შეადგინა. ამასთან, მომავალი წლის საგარეო დაფინანსების დეფიციტი $32.6 მილიარდით განისაზღვრა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ქვეყნის საკვანძო ეკონომიკურ სექტორებში უარყოფითი ტენდენცია წლის პირველივე ნახევრიდან გამოიკვეთა. იანვარ-ივნისში სამრეწველო წარმოება წლიურად 0.2%-ით შემცირდა, მშენებლობის სექტორში კი 8.1%-იანი კლება დაფიქსირდა. სამრეწველო და ლოგისტიკურ ობიექტებზე მიყენებულმა ზარალმა მეტალურგიულ დარგზე განსაკუთრებით მძიმე გავლენა იქონია.
თავის მხრივ, ევროკავშირის მიერ 1 ივლისიდან ფოლადის პროდუქციაზე ახალი კვოტების დაწესებამ ევროპულ ბაზარზე უკრაინული მეტალურგიული ნაწარმის წვდომა მნიშვნელოვნად შეზღუდა და დამატებითი წნეხი შექმნა საწარმოებისთვის. ივლისში მადნის საექსპორტო შესაძლებლობების შეზღუდვის გამო სამთო-გამამდიდრებელი კომბინატები დაიხურა, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში სარაკეტო დარტყმების შედეგად უმსხვილესი ფოლადის საწარმოების ფუნქციონირება სრულად ან ნაწილობრივ შეწყდა.
უკრაინული ეკონომიკის რთულ მდგომარეობაზე მეტყველებს ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც ბოლო თვეებში მკვეთრად გაუარესდა. აგვისტოში ბიზნესაქტივობის მოლოდინების ინდექსი 48.3 პუნქტამდე შემცირდა, მაშინ როდესაც ივლისში ეს მაჩვენებელი 50.1-ს, ხოლო მაისში 52.1 პუნქტს შეადგენდა.
ცნობისთვის, უკრაინის ეკონომიკა პირველ კვარტალში წლიურად 0.6%-ით შემცირდა. მართალია, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.8%-ით განსაზღვრა, თუმცა არსებული გამოწვევებისა და მკაცრი რეგულაციების ფონზე წლის დადებითი მაჩვენებლით დასრულება ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა.
























