უკრაინის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საჰაერო განგაში ქვეყანას დაახლოებით 45 მილიონი აშშ დოლარი უჯდება ყოველ საათში, როდესაც ბიზნესსაქმიანობა ჩერდება. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც კიევი რუსეთის გაძლიერებული დაბომბვების პირობებში ეკონომიკის ფუნქციონირების შენარჩუნების გზებს ეძებს - წერს The Guardian-ი.
რუსეთი სულ უფრო ხშირად უმიზნებს ინფრასტრუქტურას, რომელზეც უკრაინის ეკონომიკაა დაფუძნებული - იერიში მიაქვს სამრეწველო ობიექტებზე, საწყობებზე, ლოგისტიკურ ჰაბებსა და მონაცემთა ცენტრებზე. ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ალექსანდრ კრავჩენკომ ამ პროცესს "ფაქტობრივად მთელი ეკონომიკის განადგურების" მცდელობა უწოდა.
"რასაც ბოლომდე ვერ ვითვალისწინებდით, იყო ის, თუ რა სისწრაფით განავითარებდა რუსეთი ამ რეაქტიულ დრონებს და გამოიყენებდა მათ ყველაფერზე იერიშის მისატანად", - განაცხადა მან ახალ იარაღზე საუბრისას, რომლითაც ბოლო კვირებში კიევს ინტენსიურად ბომბავენ.
კიევის სამთავრობო შენობაში საუბრისას კრავჩენკომ, რომელიც მთავრობას ზაფხულში შეუერთდა, აღნიშნა, რომ თავდასხმები ეკონომიკის დიდ ნაწილს მუდმივ გაჩერებას აიძულებს: თანამშრომლებს თავშესაფრებში აგზავნიან, განგაშის სირენები კი დღეში 10 საათამდე გრძელდება.
"თუ ხალხი ბუნკერშია, ბიზნესი ჩერდება", - თქვა მან.
ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად, მთავრობამ ახლახან ორდონიანი გაფრთხილების სისტემა შემოიღო, რათა ხანგრძლივი საჰაერო განგაშის დროს ბიზნესმა მუშაობა შეძლოს. "წითელი" განგაში სარაკეტო საფრთხეს აცხადებს და მოქალაქეებს თავშესაფრებში წასვლას ავალდებულებს, ხოლო "ყვითელი" განგაში დრონების საფრთხის დროს გამოიყენება და ბევრ ბიზნესს ღია დარჩენის საშუალებას აძლევს.
კრავჩენკოს თქმით, "ყვითელი" განგაშის დროს ბიზნესების ნახევარზე მეტი ფუნქციონირებას განაგრძობს.
თუმცა "ყვითელი" დონე უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა. ეს საფრთხე ნათელი გახდა კვირის დასაწყისში, როდესაც რუსული რეაქტიული დრონი კიევის ცენტრში, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას "ყვითელი" განგაშის დროს დაეცა - დაიღუპა ორი ადამიანი, სანამ პერსონალი შიგნით მუშაობდა.
ეს არის ერთ-ერთი ურთულესი დილემა, რომლის წინაშეც უკრაინა დგას: როგორ შეინარჩუნოს ნორმალური ცხოვრების რიტმი და ამავდროულად დაიცვას მოქალაქეები რუსეთის მზარდი იერიშებისგან.
კრავჩენკოს თქმით, მხოლოდ მიმდინარე წელს რუსეთის თავდასხმებმა ძირითად აქტივებს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. სამიზნეებს შორის იყო მეტალურგიული ქარხნები, საწყობები, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და ბოლოს - მონაცემთა ცენტრებიც. რუსეთმა ასევე ფაქტობრივი ბლოკადა გამოუცხადა უკრაინის შავი ზღვის პორტებს, რომლებზეც მანამდე ქვეყნის ექსპორტის ძირითადი ნაწილი მოდიოდა.
მინისტრის შეფასებით, მთავრობა წელს უკეთ არის მომზადებული იმისთვის, რაც შესაძლოა ომის "ყველაზე რთული და მკაცრი ზამთარი" აღმოჩნდეს - ენერგომომარაგებაზე, ინფრასტრუქტურასა და ისედაც დასუსტებულ ბიზნესზე წნეხის გაძლიერების ფონზე.
მომავალი დარტყმებისგან დასაცავად, მთავრობა განიხილავს გზებს, რათა კერძო კომპანიებს საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის ნებართვა მისცეს, თუმცა მინისტრმა გააფრთხილა ბიზნესსექტორი, რომ რუსული რაკეტებისა და დრონებისგან თავის სრულად დაცვა შეუძლებელია.
დარტყმების შედეგად მიყენებულმა ზარალმა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო ფინანსები კიდევ უფრო დატვირთა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე წელს უკრაინის ბიუჯეტის დარჩენილი დეფიციტი დაახლოებით 27 მილიარდ დოლარად შეაფასა. ამ ციფრმა ზოგიერთ ევროპულ მთავრობაში კითხვები გააჩინა, თუ როგორ გაჩნდა ეს დეფიციტი იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა 90 მილიარდი ევროს საკრედიტო პაკეტი 2026-2027 წლებისთვის.
კრავჩენკოს განცხადებით, მთავრობამ ხარჯების შემცირებისა და შიდა დამატებითი რესურსების მოძიების გზით დეფიციტი 20 მილიარდ დოლარამდე შეამცირა.
მინისტრის თქმით, კიევი ახლა დამატებით მხარდაჭერას ევროკავშირისგან, იაპონიისგან, კანადისა და გაერთიანებული სამეფოსგან ითხოვს, მათ შორის იმ სესხების ნაადრევად მიღებას, რომლებიც მომავალი წლისთვის იყო გათვალისწინებული.
























