საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საქართველო მონაცემთა გავრცელების მიმართულებით ბევრ განვითარებულ ქვეყანას უსწრებს.
როგორც თოდრაძემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქტატის 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ბოლო წლებში უწყებამ მიზნად დაისახა მონაცემთა მიწოდების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ხელმისაწვდომობა. ამ მიზნით, საქსტატმა შექმნა დაახლოებით 27 ინტერაქციული ციფრული პლატფორმა, რომლებიც მოქალაქეებს, ბიზნესს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სტატისტიკურ მონაცემებზე მომენტალურ წვდომას აძლევს.
„რამდენიმე წლის წინ დავისახეთ მიზნად, რომ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა მონაცემები უფრო ადვილად აღსაქმელი ფორმით. ამასთან დაკავშირებით, დავიწყეთ ინტერაქციული პორტალების და პლატფორმების შექმნა. დღეს, უკვე 27 ციფრული პორტალია აქტიური და შედეგიც თვალსაჩინოა, თუ 8–9 წლის წინ გვყავდა დაახლოებით 150 000 უნიკალური ვიზიტორი, ახლა ეს მაჩვენებელი 1 270 000-მდეა გაზრდილი“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
საქსტატის ხელმძღვანელის თქმით, უწყების ყველა ახალი მონაცემი, მონაცემთა გავრცელების კალენდრის მიხედვით ერთდროულად აისახება როგორც ვებსაიტზე, ასევე მობილურ აპლიკაციებში და სპეციალურ თემატურ პორტალებზე.
გოგიტა თოდრაძის განცხადებით, უწყება მუდმივად ამცირებს სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადებს, რათა ინფორმაცია მომხმარებლებს უფრო სწრაფად მიეწოდოს.
“ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული ინფორმაცია უფრო მოკლე ვადაში შევთავაზოთ. მიუხედავად ამისა, სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებითაც ბევრად წინ ვართ ამ თვალსაზრისით“, - განმარტა მან.
თოდრაძის თქმით, სწრაფი მონაცემთა განახლების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის კარგად სტრუქტურირებული ადმინისტრაციული მონაცემთა სისტემა, რომელიც უწყებას სხვადასხვა სამინისტროებიდან და სახელმწიფო სააგენტოებიდან მიეწოდება.
გარდა ამისა, საქსტატი მომხმარებლებთან აქტიურ კომუნიკაციას ინარჩუნებს - დაინტერესებულ პირებს შეუძლია უშუალოდ გაეცნოს მონაცემთა გაანგარიშების მეთოდოლოგიას და მაჩვენებლების ცვლილების მიზეზებს.




























