მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

28 საქმე, რომელიც აუდიტის სამსახურმა 2020 წელს პროკურატურას გადაუგზავნა

601968ca8285f
ინგა მურუსიძე
08.02.21 13:20
2500
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" ორგანული კანონის 241-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს აუდიტის ჩატარების შედეგად მოპოვებული მასალები, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გარდა ამისა, კანონში წერია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აცნობონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის შემცველი მასალების გადაცემის შემდეგ მიიღებენ. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, პროკურატურა აუდიტის სამსახურს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას, თუმცა ეს ინფორმაცია ძალიან ზოგადია და კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყების საკითხით ან დასრულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად bm.ge მთავარ საგამოძიებო უწყებაში გადაამისამართეს. 

ირკვევა, რომ თუ 2019 წელს აუდიტის სამსახურმა სულ 78 ანგარიში გამოაქვეყნა და მთავარ პროკურატურაში გამოსაძიებლად 34 საქმე გადაგზავნა, 2020 წელს კი ასეთი 28 იყო. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის აუდიტორული გეგმით გათვალისწინებული 71 ანგარიშიდან ამ ეტაპზე დამტკიცებულია 65 ანგარიში, საიდანაც პროკურატურაში გადაგზავნილია 28 საქმე (2020-2021წლები). პროკურატურაში გადაგზავნილი მასალების შემცველი რამდენიმე ანგარიში, ჯერჯერობით, სამსახურის ვებ გვერდზე არ დევს. როგორც აუდიტის სამსახურში განგვიმარტეს, ანგარიშები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გამოქვეყნდება. მასალები სამართალდამცავ უწყებებში, ზოგიერთ შემთხვევაში, აუდიტორული საქმიანობის განხორციელების პროცესშივე იგზავნება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გენერალურ პროკურატრაში გადაგზავნილი ანგარიშები ძირითადად ფინანსურ საკითხებს მოიცავს და სახელმწიფო სტრუქტურებში თანხების არამიზნობრივ ხარჯებს, შრომის პირობების შეუსაბამობას და სხვა საკითხებს ეხება. ვიდრე კონკრეტულ საქმეებს გენერალურ პროკურატურაში მოვიკითხავთ, თავი მოვუყარეთ იმ 28 საქმეს, რომელიც აუდიტის სამსახურმა შარშან ირაკლი შოთაძის უწყებას გადაუგზავნა. 

1. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 2017-2018 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შემოსავლები ჯამში – 548,138.0 ათასი ლარის, ხოლო ხარჯები – 386,858.3 ათასი ლარის ოდენობით. გარდამავალი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შემოწმებას დაექვემდებარა გასული წლების დოკუმენტაციაც. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ №2 ავტობაზის მშენებლობის ყველა ეტაპი განახორციელა არსებითი დარღვევა-ნაკლოვანებებით. ობიექტი, რომელზეც ფულადი რესურსები ზედმეტად დაიხარჯა, ექსპლუატაციისათვის პრობლემურია. გარდა ამისა, კომპანიაში გენერალურმა აუდიტორმა დაადგინა, რომ კომპანიაში არ არის დაცული საქართველოს შრომის კოდექსის ძირითადი მოთხოვნა, რომლის მიხედვით, დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მასალები

„მოსახლეობას დროულად ვერ მიეწოდება შესაბამისი სერვისები და სიკეთე“ - ეს დასკვნა გამოიტანა სახელმწიფო აუდიტმა
მცხეთის მუნიციპალიტეტის პროგრამების შემოწმებიდან. დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ არასათანადოდაა დაგეგმილი ბიუჯეტი, მასში არ არის ასახული გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების ხარჯვა. არ არის დასრულებული დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მუნიციპალიტეტს მუდმივად ერიცხება მნიშვნელოვანი თავისუფალი ნაშთი.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. 

3. ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის 2014-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები

აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ რაგბის კავშირში ადგილი აქვს თანხების გადაჭარბებულ ხარჯვას. მაგალითისთვის, 2017-2016 წლებში ზედმეტად ანაზღაურებულმა სამივლინებო თანხებმა შეადგინა 56,603 ლარი. ასევე, 2018 წელს არსებული წესის შეუსაბამოდ, "დიდი 10"-ის რვა სარაგბო კლუბზე კომპენსაციის სახით ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 43,500 ლარი და ა.შ.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირების და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა შპს-ების მართვაა. კერძოდ, 14 შპს-ს ფინანსური შედეგი დასრულებული აქვს ზარალით, 7 შპს არ ფუნქციონირებს და მათ შორის, 3 შპს-ის დამფუძნებლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პრობლემებია სამედიცინო დაწესებულებებსა და ტრანსპორტის კუთხით. აუდიტის დასკვნით მოქალაქეებს დაზიანებული ტრანსპორტი ემსახურება, ასევე დაფიქსირებულია ნასვამი მძღოლების გადაადგილების ფაქტიც.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „ავტოტრანსსერვისის“ ფულადი სახსრების მიღება-ხარჯვის და მატერიალური ფასეულობების გამოყენების შესაბამისობის აუდიტის მასალები

ობიექტის შემოწმებისას აუდიტმა რამდენიმე კანონშეუსაბამო დასკვნა გამოიტანა, მათ შორის არის გაცემული მოკლევადიანი სესხები მიზნობრიობის დასახელების გარეშე, საწვავისთვის გაწეული ხარჯი, საწვავის შესყიდვის გარეშე და ა.შ.

6. ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის საქმიანობის 2016−2018 წლების შესაბამისობის აუდიტის მასალები

აუდიტის სამსახურის დასკვნით, მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო (უნებართვო) მშენებლობების შეჩერება და აღმოფხვრა, ხოლო რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა.

7.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მასალები

8.წალკის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები:

9.სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები

10. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მასალები

11. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მასალები

12. მესტიის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მასალები

13. შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაცის კლინიკური ცენტრის“ 2015−2018 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები

14. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მასალები

15. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გზების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშიდან ამონარიდი

16. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მასალები

17. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მასალები

18. საჯარო სექტორში ხელშეკრულებების მართვის შესაბამისობის სისტემური აუდიტის მასალები

19. წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენცია, მზადყოფნა) ეფექტიანობის აუდიტიდან ამონარიდი

20. შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ 2015-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში

21. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ პრიორიტეტისათვის 01.01.2019-31.12.2019 პერიოდში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი

22. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშის მასალები

23. ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის ხულოს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები

24. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები

25. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას გამოვლენილი ნაკლოვანებების მასალები

26. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას გამოვლენილი ნაკლოვანებების მასალები

27. მარტვილის, თეთრიწყაროს, ადიგენის, გარდაბნის, ახალციხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტების ანგარიშებში საავტომობილო საწვავის ხარჯვის საკითხები

28. ხულოს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები