სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",- აცხადებენ სააგენტოში.
სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ 27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, მეწყრული, ღვარცოფული, წყალმოვარდნითი და ეროზიული პროცესების გააქტიურება და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზები, ხიდები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. დაიტბორა მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებითა და ჰიდროლოგებით დაკომპლექტებული საველე ჯგუფები, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ადგილზე, უწყვეტ რეჟიმში, შექმნილ ვითარებას აფასებენ.
სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























