მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“3-4-წლიან პერიოდში სუბსიდირების ეტაპობრივად შემცირებას ველით” - "ასკანელი"

ირაკლი უგლავა

კომპანია "ასკანელში" მიაჩნიათ, რომ რთველის სუბსიდირების პრაქტიკას გარკვეულწილად დადებითი გავლენა აქვს როგორც მევენახეებზე, ისე მეღვინეებზე, თუმცა კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სავარაუდოდ, მთავრობა პროგრამიდან გამოსვლას დაიწყებს და მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში სუბსიდირების მოცულობასაც შეამცირებს, რადგან მოთხოვნა თეთრ ყურძენზე იზრდება.

საქმე ის არის, რომ წელს მთავრობა რთველის სუბსიდირებაში გასულ წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტს, 35 მილიონ ლარს დახარჯავს. სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ ერთ ლარს.

“როგორც მახსოვს წინა წლებში მთავრობას გაჟღერებული ჰქონდა სუბსიდიიდან გამოსვლის გრაფიკი, 2 წლის წინ შეიცვალა სუბსიდიის ტარიფი. 35 თეთრს იღებდნენ მევენახეები, რაც 20 თეთრამდე ჩამოვიდა. იყო გარკვეული გრაფიკი და ვიცით, უბრალოდ არ არის ზუსტად გაწერილი დროში, როდის უნდა დასრულდეს. მე მაგალითად მოლოდინი მაქვს, რომ 3-4-წლიან პერიოდში ეტაპობრივად სუბსიდირების მოცულობა შემცირდება, იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნაც იზრდება. ისტორიულად ქართული ღვინის გაყიდვები იზრდება 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსულ ბაზარზე დაბრუნდა. სამწუხაროა, რომ წილი რუსული ბაზრის გაიზარდა, თუმცა სხვა ქვეყნებშიც გაყიდვების წილი იზრდება”, - ამბობს "ასკანელი ძმების" დირექტორი ირაკლი უგლავა.

მისი შეფასებით, თუ წელს კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო მევენახეებს, 300 000 ტონამდე მოსავლის მიღება იქნება შესაძლებელი. მისი შეფასებით, გასული წლის არასახარბიელო კლიმატური პირობების გამო ვენახები წელსაც დაზიანებულია და მის აღდგენას დრო სჭირდება.

“მოლოდინი მაქვს, რომ კარგი რთველი იქნება, ხარისხობრივი თვალსაზრისითაც საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით. თუმცა, ვერ იქნება იდეალური, რადგან შარშანდელი დასეტყვილი ვენახი წელსაც იდეალურ ყურძენს ვერ მოისხამს, ბევრი დაზიანებული ვაზი იყო, რომელსაც გარკვეული პერიოდი სჭირდება აღსადგენად. ჯამურად, კარგ მოსავალს და რთველს ველოდებით”, - ამბობს "ასკანელი ძმების" დირექტორი ირაკლი უგლავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები