მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აქცენტს ევროპასა და აშშ-ზე ვაკეთებთ" - "მეღვინეობა შილდა" 2027 წლისთვის წარმოების 2.5 მლნ ბოთლამდე ზრდას გეგმავს

ირაკლი უგლავა

გლობალურად ღვინის მოხმარების შემცირების ფონზე, ადგილობრივი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ უფრო მეტ აქცენტს პრემიალური ღვინის წარმოებაზე აკეთებენ.

როგორც “საქმის კურსის” ეთერში “მეღვინეობა შილდას” დირექტორმა განაცხადა, მიუხედავად ჯამურად საქართველოდან ღვინის ექსპორტის კლებისა, რიგი საექსპორტო ბაზრები მაინც მზარდია, მათ შორის ევროპის და აზიის ქვეყნები.

ირაკლი უგლავას განცხადებით, კომპანიის გეგმაშია, რომ მომავალი წლისთვის წარმადობა 1.5 მილიონიდან 2.5 მილიონ ბოთლამდე გაზარდონ. “მეღვინეობა შილდას” მიერ წარმოებული ღვინის 80%-ზე მეტი ექსპორტზე გადის და ამ ეტაპზე მათ პროდუქცია 15 ქვეყანაში გააქვთ.

“ზოგადად, დღეს მსოფლიო მეღვინეობა გამოწვევების წინაშე დგას. პრაქტიკულად 2018 წლიდან დაწყებული ალკოჰოლის მოხმარების კლების ტენდენცია არის. მსოფლიოში ალკოჰოლის მოხმარება 14%-ითაა შემცირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე მოხმარება მცირდება, კონკურენცია იზრდება, ანუ მომხმარებელი აღარ ელოდება უბრალოდ პროდუქტს, ღვინოს. ელოდება ხარისხიან პროდუქტს და კარგ სერვისს, ბაზარზე სხვანაირად თავს ვერ დაიმკვიდრებ.

ჩვენი კომპანიის მეღვინეობა „შილდას“ ამოცანაა, უფრო პრემიალური, გაცილებით ხარისხიანი ღვინო ვაწარმოოთ. რა თქმა უნდა, რუსული ბაზარი მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, თუმცა წილობრივად რაც ქართულ სექტორში არის [ამ ბაზრის], ამხელა წილი ჩვენს პორტფელში არ ექნება. ექნება განსაზღვრული წილი და გაცილებით მეტ ძალისხმევას მივმართავთ ევროპის, ამერიკის და აზიის ბაზრებისკენ, რომლებიც კარგად იზრდება. მათ შორის, ჩვენ გვყავს პარტნიორები იაპონიაში, პარტნიორები კორეაში, ევროპაში, ნორვეგიაში ვყიდით, აზიაში – უზბეკეთი. ამ ბაზრებზე ვცდილობთ, რომ განვავითაროთ ჩვენი ექსპორტი. ამ ქვეყნებში საშუალო ბოთლის ღირებულებაც უფრო მაღალია და თან დივერსიფიკაციის საშუალებას გვაძლევს”, - განაცხადა ირაკლი უგლავამ.

ცნობისთვის, 2026 წლის 8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 163.6 მლნ დოლარის ღირებულების 52 419 ტონა ღვინო გავიდა, რაც თანხაში 1.1%-ით ნაკლებია, რაოდენობრივად კი 6.8%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები