მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 670 750 მგზავრი თბილისის აეროპორტში - TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი 2023 წელს აფასებს

TAV Georgia

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის შეფასებით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ავიაციაზე პირდაპირ აისახება ავიაციაზე. ამის შესახებ მან BMG TV-ის გადაცემაში "საუბრები ავიაციაზე" განაცხადა.

თეა ზაქარაძის შეფასებით, 2023 წელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ცუდი არ იყო, თუმცა ისრაელში განვითარებულმა მოვლენებმა როგორც ბათუმის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის 2023 წელი ცუდი ნამდვილად არ იყო. უფრო უკეთესის მოლოდინი გვქონდა. კონფლიქტმა ისრაელში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, იკლო მგზავრთნაკადმა. რაც შეეხება თბილისს, აქ 2019 წლის მაჩვენებლებს მივუახლოვდით და წელს ვხურავთ 3 მლნ 670 ათას 750 მგზავრით. რა თქმა უნდა, ეს 2019 წლის მაჩვენებლები არ არის, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ. 2019 წელს ჩვენ 3 მლნ 693 ათასი მგზავრი გვყავდა. პოსტკოვიდურ პერიოდში რთულია, დაუბრუნდე იმ დინამიკას და გყავდეს და შეინარჩუნო ის ტრაფიკი, რომელიც მანამდე იყო. თუმცა ჩვენი მოლოდინი იყო, რომ 2023 წელს ამას შევძლებდით. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული და ის მოვლენები, რაც მსოფლიოშია, პირდაპირ ისახება ავიაციაზე“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი 2023 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის მნიშვნელოვან მოვლენად ინდოეთის და ჩინეთის მიმართულებით ფრენებს ასახელებს. ინდოეთის შემთხვევაში 2023 წელს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო, ხოლო ჩინეთის შემთხვევაში აღდგა, რომელიც კოვიდ-პანდემიის დაწყებიდან აღარ ხორციელდებოდა.

„ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას გამოვყოფდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. ეს არის ინდური ავიაკომპანია Indigo, რომელმაც წელს პირველად შეასრულა ფენები საქართველოს და ინდოეთს შორის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და ძალიან სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესაძლებელია ინდოეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისით იმგზავრო. ეს ახალი ბაზარია, ეს ახალი მიმართულებაა. ეს ახალი ტიპის მგზავრია. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან მოვლენას, ეს იყო ჩინეთის რეისების აღდგენა. იმიტომ, რომ ჩინეთიც ჩვენი ძალიან დიდი მარკეტი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამან ძალიან დადებითი გავლენა იქონია ჩვენს მგზავრთნაკადზე“, - ამბობს თეა ზაქარაძე.

მისივე შეფასებით, 2023 წელს მნიშვნელოვან საავიაციო მოვლენებად მიიჩნევა ასევე ქართული ავიაკომპანიების მიერ ახალი მიმართულებების დამატება.

„ახალ მიმართულებებს რაც შეეხება, აღვნიშნავდი Georgian Airways-ს, რადგანაც მან ძალიან ბევრი ევროპული მიმართულება დაამატა. პირველად გაიხსნა ნიცას მიმართულებით პირდაპირი რეისები. უფრო მეტი კომფორტია მგზავრისთვის, რომ აზიის და ევროპის მიმართულებით გადაადგილდე. ასევე, ადგილობრივი რეისების კუთხით მნიშვნელოვანია Georgian Wings-ი. ჩვენი აეროპორტის მარკეტინგის დეპარტამენტი უფრო მეტად ვფიქრობთ საერთაშორისო რეისებზე და საერთაშორისო მიმართულებების გახსნაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს შიდა რეისები. მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა და ავტომობილით გადაადგილება კომფორტულია მგზავრებისთვის, მაგრამ თვითმფრინავი უფრო დიდ კომფორტს ქმნის. ის, რომ Georgian Wings-მა ასეთი სწრაფი ტემპით განავითარა ეს მიმართულებები და ბათუმის მიმართულებით თითქმის ყოველდღე ასრულებს რეისებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი კომფორტია“, - აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები