მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 ივნისიდან ქუვეითური Jazeera Airways-ი საქართველოში რეგულარულ ფრენებს განაახლებს

60b62c6e5640b
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.21 16:55
614
ავიაკომპანია Jazeera Airways საქართველოს საავიაციო ბაზარს უბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 3 ივნისიდან, ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითი, 3 ივნისიდან ყოველ ხუთშაბათს, 12 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით - ყოველ ხუთშაბათს და შაბათს შეასრულებს.

ამასთან, ავიაკომპანიის ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბრამდე), ზემოთ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების სიხშირე ეტაპობრივად გაიზრდება და ფრენები კვირაში 4 სიხშირით განხორციელდება.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიენიჭა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - აღნიშნავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ცნობისთვის: Jazeera Airways-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2018 წელს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები