მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$3 მილიონის ინვესტიცია ჩავდეთ, რათა ტვირთების გაზრდილ ნაკადს მოვემსახუროთ - Pace Group

6331beaa9b1bf
თელარა გელანტია
26.09.22 19:02
3185
„ფოთის ახალმა საზღვაო ნავსადგურმა“ დღეს პირველი გემი მიიღო. ამის შესახებ bm.ge-ს Pace Group-ში შემავალი კომპანია „ტრანსფორდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა განუცხადა.

აღსანიშნია, რომ ფოთში ახალი ნავსადგური PACE GROUP-ის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით აშენდა და ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში $120 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა.

„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ საშუალებას გვაძლევს მივიღოთ 50 000-ტონიანი გემები. ნავმისადგომი არის 260 მეტრი სიგრძის და 13 მეტრი სიღრმის. ამასთან, ჩვენი მოლოდინით, მხოლოდ ეს ერთი ნავმისადგომი შეძლებს, რომ გადამუშავებული ტვირთი 2 მლნ ტონით გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, თუ Pace Group-ი წლიურად საშუალოდ 6 მლნ ტონა ტვირთს ამუშავებდა, ახალი ნავმისადგომის პირობებში ეს 8-9 მლნ ტონამდე გაიზრდება”, - ამბობს ვასილ მაზიაშვილი.

ამასთან, როგორც „ტრანსფორდის“ CEO-მ BMG-სთან განაცხადა, რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ტვირთების ნაკადი გაზრდილია, რაც შესაძლებლობასთან ერთად არის გამოწვევაც, ამიტომ PACE GROUP-მა საჭირო ტექნიკის შესაძენად წელს $3 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

„ფაქტობრივად, $3 მილიონის რეინვესტიცია განვახორციელეთ, რათა გაზრდილ ტვირთნაკადს ხარისხიანად მოვემსახუროთ და რაც ყველაზე მთავარია, რეგიონში სიტუაციის დამშვიდების შემდეგაც ტვირთების ის ნაკადი, რომელიც ომის შემდეგ ჩვენს დერეფანში წამოვიდა, შევინარჩუნოთ.

ზოგადად, ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებული უნდა იყოს პრობლემის იდენტიფიცირებაზე და მის აღმოფხვრაზე არა - ლოკალურად, არამედ სისტემურად, რათა კორიდორში ტვირთების შენარჩუნება შევძლოთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მონდომებაზე არაა დამოკიდებული - უნდა განვითარდეს და დაიხვეწოს საბორნე გადმოსასვლელი კასპიაზე; ასევე უნდა განვითარდეს აზერბაიჯანის რკინიგზა, უნდა გაიზარდოს ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობაც და რა თქმა უნდა, უნდა განვითარდეს საპორტო ინფრასტრუქტურა. ამდენად, ვფიქრობ, არსებული გამოწვევების სწორი ანალიზის და პრობლემების სისტემური აღმოფხვრის ერთობლივი გზების დასახვით და მონიტორინგის შედეგად, ტვირთნაკადის შენარჩუნებას შევძლებთ“, - აღნიშნა ვასილ მაზიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები