მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაკეთდეს "შუა დერეფნის" განსავითარებლად? – PACE GROUP-ის განმარტება

63dd242f24929
გიორგი თოლორდავა
03.02.23 23:00
1036
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, გლობალური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინდუსტრია თავდაყირა დადგა. ვითარება განსაკუთრებით რადიკალურად შეიცვალა „შუა დერეფნის“ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში. საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთის გავლით სატრანზიტო გზის პარალიზებამ „შუა დერეფანზე“ ზეწოლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, გაზრდილი ტვირთბრუნვისთვის არასათანადოდ მომზადებული ინფრასტრუქტურა კი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა.

გაზრდილი ტვირთბრუნვა ლოგისტიკური სირთულეების გარდა, ქვეყნისთვის შემოსავლების ზრდასაც გულისხმობს, შესაბამისად, რეგიონის ყველა სახელმწიფოს ინტერესშია, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვა „შუა დერეფანში“ სამომავლოდაც შენარჩუნდეს, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც.

Pace Group-ის შვილობილი კომპანიის, Transford-ის აღმასრულებელი დირექტორი ვასილ მაზიაშვილი „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნავს, რომ მდგრადი ბიზნესგარემოს შესაქმნელად სატრანსპორტო ჯაჭვში ჩართული ყოველი აქტორის მხრიდან შესაბამისი ძალისხმევის გაწევა და ინვესტიციების განხორციელებაა აუცილებელი, რათა „შუა დერეფნის“ მომხმარებლებმა ქართული პორტებითა და სატრანსპორტო გზებით სარგებლობა რუსეთის გზის აღდგენის შემდეგაც აქტიურად გააგრძელონ.

„აუცილებლად უნდა შევქმნათ კარგი სერვისი, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი კლიენტი, რომელიც ჩვენი კორიდორით ისარგებლებს, უნდა დარჩეს მომსახურებით კმაყოფილი და მას უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელოს“, - აცხადებს ვასილ მაზიაშვილი.

Transford-ის ხელმძღვანელის განმარტებით, „შუა დერეფნის“ გასავითარებლად მხოლოდ ქართული მხარის და, მათ შორის, Pace Group-ის ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, რადგან სატრანსპორტო ინდუსტრიის მონაწილეები ერთმანეთზე ჯაჭვურად არიან დაკავშირებულნი, შესაბამისად, სერვისების გამართულობა და მაღალი გამტარუნარიანობა „შუა დერეფნის“ მონაწილე სხვა სახელმწიფოებმაც უნდა უზრუნველყონ. ვასილ მაზიაშვილმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა რკინიგზისა და საბორნე სისტემების გამართული მუშაობის მნიშვნელობას.

რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს თავად Pace Group-ი „შუა დერეფნის“ გასავითარებლად - კომპანიამ უკვე გახსნა 260 მეტრის სიგრძისა და 13 მეტრი სიღრმის ნავმისადგომი. გარდა ამისა, კომპანია ახალი ნავმისადგომის მშენებლობასაც გეგმავს, რომლის ინვესტიციაც 50 მლნ დოლარი იქნება. სწორედ ამ ორი ზემოხსენებული ნავმისადგომის საშუალებით Pace Group-ის ტვირთბრუნვა დამატებით 2.5-2.7 მილიონი ტონით გაიზრდება. ჯგუფის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი $170 მილიონს გადააჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები