მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 მუხლით წაუყენეს ბრალდება. საქმის მასალები 40 ტომზე მეტია - "ფერაძის სქემაზე" დაკავებული ჯამალაშვილის ადვოკატი

გელა ნიკოლაშვილი

"ფერაძის სქემაზე" დაკავებული ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება სამი მუხლით წარედგინა, თავად ბრალდებული კი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.

"წაუყენეს ბრალდება სამი მუხლით და გადმოგვცეს მასალები 40 ტომზე მეტი, დისკებზე ჩაწერილი, რომელსაც ბუნებრივია ჯერ ვერ მოვასწრებდით გაცნობას. 194-ე, 210-ე და 180-ე მუხლებია [თაღლითობა, ფულის გათეთრება და ყალბი ანგარიშსწორების ბარათის გამოყენება] და მისი პოზიცია არის, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ",- ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული ადრე იყო ჯართის ბიზნესში, ჰქონდა მძიმე ტექნიკა [სატვირთო მანქანები, ტრაილერები] რომელსაც აქირავებდა.

"10-ზე მეტი ასეთი ტექნიკა ჰქონდა, თავის დროზე ჯართითაც იყო დაკავებული, მაგრამ ბოლო ხანებში, ბოლო 5 წელი თუ 6 წელია უკვე საერთოდ ჯართთან არ ჰქონია შეხება, უბრალოდ ჯართის ბიზნესით დაკავებულ სხვადასხვა კომპანიებთან, რა თქმა უნდა, ჰქონდა კავშირი. ყველამ იცოდა, რომ მას ჰქონდა ეს მძიმე ტექნიკა და ვისაც სჭირდებოდა, მათზე აქირავებდა. მას ედავებიან, რომ როდესაც იქ ისეთი ჯართი გადაჰქონდათ, რომელიც იყო კანონსაწინააღმდეგოდ მოპოვებული, შენ უწევდი ორგანიზებასო, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ჩემი მძღოლები ემსახურებოდნენ მათ და ეს იყო მხოლოდ ჩემი დაინტერესება, მეტი არაფერიო.

მას ჰქონდა კომპანია „გრანდ კახეთი“ და ედავებიან კიდევ იმასაც, რომ იქ სხვადასხვა კომპანიები არის კიდევ, რომლის ხელმძღვანელებიც არიან დაკავებულები და ის კომპანიებიც, სამი თუ ოთხი კომპანიაა, შენი იყო და ფორმალურად ჰყავდა დირექტორებიო, თუმცა ამის არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება და არც იმ დირექტორების მხრიდან რაიმე ინფორმაცია არ არსებობს. ის ამბობს, რომ ესენი ჩემი ნაცნობები იყვნენ, იმიტომ, რომ ჯართის ბიზნესში დაკავებული ყველა იცნობს ერთმანეთს და აქედან გამომდინარე მე არანაირი შეხება იმ კომპანიებთან არ მქონიაო",- აცხადებს ადვოკატი.

მოსამართლის განჩინებით დაკავებულები არიან:

  • ანზორ ჯამალაშვილი;
  • რევაზ რევაზიშვილი;
  • გიორგი კურტანიძე;
  • მალხაზ ომარაშვილი;
  • გიორგი მარუქაშვილი;
  • ალექსანდრე ტორიაშვილი.

ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ:

  • დავით ფერაძე („საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი);
  • კიდევ ერთი პირი (რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე არ კონკრეტდება).

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 16 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე შავი ლითონის მითვისებისა და რელსების შედუღების სამუშაოებთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემაში იყო ჩართული. სუსის განცხადებით, საქმეზე რვა პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, საიდანაც ექვსი დაკავებულია, ორს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიების ვერსიით, ერთ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი მიითვისეს, რომელიც შემდგომში 17.39 მილიონ ლარად გაიყიდა, ხოლო მეორე ეპიზოდში რელსების შედუღების სამუშაოების მოცულობა ხელოვნურად გაზარდეს, რის შედეგადაც კონტრაქტორმა კომპანიამ დამატებით 403 844 ლარი მიიღო. სუს-ის თანახმად, დანაშაულებრივი სქემები რკინიგზაში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა.

საქმეში ფიგურირებს შპს გრანდ კახეთი. სუს-ის თანახმად, კომპანია ჩართული იყო ჯართის სქემაში და ყალბი დოკუმენტაციის მეშვეობით მის მეტალურგიულ ქარხანაში ჩაბარებაში. რეესტრის თანახმად ის 2019 წლის დეკემბერში დაფუძნდა და მისი 100%-ის წილი ეკუთვნის ანზორ ჯამალაშვილს, ის ასევე კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს. ხოლო სქემის მოქმედების პერიოდში მისი მფლობელი ნინო ჯამალაშვილი, დირექტორი კი პაატა მამისაშვილი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები