მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზამ 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარა - შემოსავალი 3.8%-ით, მოგება კი 60.7%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზა

საქართველოს რკინიგზამ 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები წარადგინა, რაც მოიცავს ინფორმაციას როგორც გატარებულ ტვირთებზე, ასევე კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებზე.

ანგარიშის მიხედვით, იანვარ-ივნისში რკინიგზამ 6.91 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 645 ათასი ტონით, ანუ 10.3%-ით მეტია. ჯამურად, კომპანიამ 307 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო (+3.8%), ხოლო მოგება 99.5 მილიონ ლარს შეადგენდა რაც წლიურად 60.7%-ით გაიზარდა.

მმართველობითი ანგარიშის თანახმად, ტვირთების ზრდა ძირითადად ტრანზიტის მიმართულებით დაფიქსირდა. წლის პირველ ნახევარში ტრანზიტულმა გადაზიდვებმა 4.04 მილიონი ტონა შეადგინა, 2025 წლის 3.67 მილიონი ტონის ნაცვლად, რაც 370 ათასი ტონით (+10.1%) მეტია. იმპორტის მოცულობა 1.77 მილიონი ტონა იყო, წინა წლის 1.58 მილიონთან შედარებით — 192 ათასი ტონით (+12.2%) მეტი. ექსპორტმა 585 ათასი ტონა შეადგინა, 533 ათასის ნაცვლად — 52 ათასი ტონით (+9.7%) მეტი, ხოლო შიდა გადაზიდვები 518 ათასი ტონა იყო, 487 ათასის ნაცვლად — 31 ათასი ტონით (+6.4%) მეტი.

რომელი ქვეყნების ტვირთი გადიოდა საქართველოს რკინიგზაზე

ტრანზიტული ტვირთების ძირითადი წარმოშობის ქვეყნები იყო თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბრაზილია და სომხეთი. მათზე, შესაბამისად, ტრანზიტული ტვირთების 26%, 20%, 16%, 6% და 5% მოდიოდა.

ტრანზიტის ზრდაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებები. კომპანიის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში თურქმენეთიდან გადაზიდული ტვირთი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 340.7 ათასი ტონით, აზერბაიჯანიდან კი 122.2 ათასი ტონით გაიზარდა.

იმპორტული ტვირთების წარმოშობის მიხედვით ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდიოდა. შემდეგ იყო თურქეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი და სომხეთი. ექსპორტის მიმართულებით კი ტვირთების დაახლოებით 66% საქართველოს პორტებზე მოდიოდა.

რა ტვირთი გადიოდა

ტრანზიტში ყველაზე დიდი მოცულობის საქონელი ნავთობპროდუქტები იყო — 1.48 მილიონი ტონა, 2025 წლის 1.38 მილიონი ტონის ნაცვლად. კარბამიდის გადაზიდვამ 600 ათასი ტონა შეადგინა, გოგირდის — 470 ათასი ტონა, შაქრის — 300 ათასი ტონა, ხოლო სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 150 ათასი ტონა.

იმპორტში ასევე ნავთობპროდუქტები ლიდერობდა — 879 ათასი ტონა, 2025 წლის 692 ათასი ტონის ნაცვლად, რაც 187 ათასი ტონით (+27%) მეტია. ცემენტის კლინკერის იმპორტმა 202 ათასი ტონა შეადგინა, 262 ათასის ნაცვლად — 60 ათასი ტონით (-22.9%) ნაკლები. სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების მოცულობა 98 ათასი ტონა იყო, თაბაშირის კი 52 ათასი ტონა.

ექსპორტში ყველაზე დიდი მოცულობა ამონიუმის ნიტრატს ჰქონდა — 204 ათასი ტონა, 2025 წლის 179 ათასის ნაცვლად, ანუ 25 ათასი ტონით (+14%) მეტი. მინერალური წყლების ექსპორტმა 97 ათასი ტონა შეადგინა, ლითონის მადნებისა და კონცენტრატების — 56 ათასი ტონა, ხოლო სილიციუმისა და მანგანუმის — 55 ათასი ტონა.

შემოსავლები

საქართველოს რკინიგზის კონსოლიდირებულმა შემოსავალმა 2026 წლის პირველ ნახევარში 306.8 მილიონი ლარი შეადგინა, 2025 წლის 295.7 მილიონთან შედარებით — 11.2 მილიონი ლარით (+3.8%) მეტი.

შემოსავლების ძირითადი წყაროები იყო:

  • ტვირთის გადაზიდვა — 174.7 მლნ ლარი (+3.7%);
  • ტვირთის დამუშავება — 40.4 მლნ ლარი (-12.1%);
  • ლოგისტიკური მომსახურება — 54.0 მლნ ლარი (+2.2%);
  • სამგზავრო გადაყვანა — 13.2 მლნ ლარი (-1.6%);
  • ვაგონების საზღვარგარეთ გამოყენებიდან მიღებული შემოსავალი — 9.4 მლნ ლარი (+34%);
  • ვაგონების გაქირავება და სხვა საიჯარო შემოსავალი — 2.2 მლნ ლარი (-1.3%);
  • სახელმწიფო გრანტი — 11.5 მლნ ლარი (+169.5%);
  • სხვა შემოსავალი — 1.3 მლნ ლარი (-3.3%).

სამგზავრო გადაყვანებიდან მიღებული შემოსავალი 13.2 მლნ ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1.6%-ით ნაკლებია. ამ პერიოდში რკინიგზით 728 ათასი მგზავრი გადაიყვანეს, 2025 წლის 777 ათასის ნაცვლად — 49 ათასი მგზავრით (-6.3%) ნაკლები. ამასთან, ერთ მგზავრზე საშუალო შემოსავალი 18.18 ლარამდე გაიზარდა, 17.31 ლარიდან — 0.87 ლარით (+5%).

სახელმწიფოსგან მიღებული გრანტი 11.5 მლნ ლარი იყო, 4.3 მლნ-ის ნაცვლად — 7.2 მლნ ლარით, ანუ 169.5%-ით მეტი. აღნიშნული თანხა საზოგადოებრივი მომსახურების კონტრაქტის ფარგლებში მიიღეს და წამგებიანი სამგზავრო მარშრუტების დანაკარგების კომპენსაციას ემსახურება.

ხარჯები

საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ხარჯებმა 253.0 მლნ ლარი შეადგინა, 2025 წლის 262.2 მლნ ლართან შედარებით — 9.2 მლნ ლარით (-3.5%) ნაკლები.

ხარჯების ძირითადი კომპონენტები იყო:

  • თანამშრომელთა აანაზღაურება — 117.3 მლნ ლარი (-5.5%);
  • ცვეთა და ამორტიზაცია — 38.3 მლნ ლარი (+22.1%);
  • ელექტროენერგია — 19.2 მლნ ლარი (+1.1%);
  • მასალები — 8.2 მლნ ლარი (+3.3%);
  • რემონტი და ტექნიკური მომსახურება — 5.1 მლნ ლარი (+44.4%);
  • საწვავი — 3.3 მლნ ლარი (-2.9%);
  • ვაგონების საზღვარგარეთ გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯი — 14.0 მლნ ლარი (+30.2%);
  • ლოგისტიკური მომსახურების ხარჯი — 21.6 მლნ ლარი (-20.1%);
  • უსაფრთხოებისა და სხვა საოპერაციო ხარჯები — 18.5 მლნ ლარი (-6.1%);
  • საშემოსავლო გადასახადის გარდა სხვა გადასახადები — 9.1 მლნ ლარი (-36.4%).

მოგება

საქართველოს რკინიგზის საოპერაციო საქმიანობიდან მოგებამ 99.5 მლნ ლარი შეადგინა, 2025 წლის 35.3 მლნ ლართან შედარებით — 64.2 მლნ ლარით (+181.6%) მეტი.

მოგებამ გადასახადის გადახდამდე და საბოლოო მოგებამ 103.9 მლნ ლარი შეადგინა, 2025 წლის 64.7 მლნ ლარის ნაცვლად — 39.2 მლნ ლარით (+60.7%) მეტი. საშემოსავლო გადასახადის ხარჯი ორივე პერიოდში ნულის ტოლი იყო.

მოგების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სხვა შემოსავალმაც. მისი მოცულობა 45.7 მლნ ლარი იყო, 2025 წლის 1.9 მლნ ლართან შედარებით — 43.8 მლნ ლარით, ანუ დაახლოებით 23-ჯერ (+2,323%) მეტი. ზრდის ძირითადი მიზეზი იყო რკინიგზის შვილობილი კომპანიის მიერ მიწის გაყიდვიდან მიღებული ერთჯერადი შემოსავალი და დაზიანებული მოძრავი შემადგენლობისთვის მიღებული 4.4 მლნ ლარის სადაზღვევო კომპენსაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები