მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს კორუფციულ სქემაში ბრალდებული რკინიგზის ყოფილი დირექტორი? - დეკლარაცია

დავით ფერაძე
16.06.26 15:00
678

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა. საუბარია ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2025 წლის 7 მაისს შეიცვალა. მანამდე დავით ფერაძე ამ პოსტზე 7 წლის განმავლობაში იყო და ის ლაშა აბაშიძემ ჩაანაცვლა. ფერაძემ საქმიანობის შვიდი წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით საქართველოს რკინიგზიდან 1,661,861 ლარი მიიღო.

დავით ფერაძეს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2026 წლის 31 იანვარს აქვს ჩაბარებული.

დოკუმენტის თანახმად, ის ფლობს 6 მიწის ნაკვეთს თბილისსა და მარნეულში. არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, რომელიც 2010 წელს 10 000 დოლარად შეიძინა. 2008 წელს 28 000 დოლარად ნაყიდ ბინას თბილისში. მისი მეუღლე თამარ კახაია კი ფლობს ორ მიწის ნაკვეთს თბილისში. მეუღლის სახელზე ასევე ფიქსირდება 2025 წლიანი TOYOTA RAV, რომელიც 100 255 ლარადაა შეძენილი.

დავით ფერაძე ფლობს სხვადასხვა კომპანიების აქციებს. მათ შორის 2025 წელს შეიძინა Galt & Taggart-ის 31 აქცია.

დეკლარაციაში ასახულია მისი მეუღლის თამარ კახაიას მიერ შპს ზიპლაინ კაუკასუს საქართველოს 40%-იანი წილის ფლობასთან დაკავშირებით 2025 წელს მიღებული შემოსავალი 55 346 ლარი.

დავით ფერაძემ გასულ წელს (იანვრიდან-მაისამდე) რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტზე 60 163 ლარი მიიღო, ამავე პერიოდში შპს ჯიარ ტრანზიტ ლაინის და შპს ჯიარ ტრანზიტის გენერალური დირექტორის პოზიციაზე კი 14 137 ლარი და 14 814 ლარი. ივნისიდან დეკემბრამდე შპს სინათლის ბიზნეს განვითარების კონსულტანტის პოზიციაზე მიიღო 123 061 ლარი. დეკლარაციაში უთითებდა, რომ შევსების მომენტშიც ამ პოზიციას იკავებდა.

ფერაძე სხვადასხვა ბანკში ფლობდა ანგარიშებს. მათ შორის საბარათე ანგარიშზე "საქართველოს ბანკში" 10 256 ლარს.

2025 წელს ფერაძემ ორი სესხის მომსახურებაზე დახარჯა 28 000 დოლარი, ხოლო ავტომობილის შეძენაზე (ტოიოტა ქამრი) 89 500 ლარი.

ფერაძის მეუღლემ, თამარი კახაიამ 2025 წელს ორი შვილის სწავლის საფასურის სახით დახარჯა 10 381 ლარი, დავით ფერაძე უთითებს 4056 დოლარს მოგზაურობის ხარჯის სახით, ასევე 7740 ლარს დაზღვევის ხარჯს, ასევე 5010 ლარს, რომელიც აქციების შეძენაზე დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ დავით ფერაძის მიერ დეკლარაციაში ქონების არასრულად ასახვის შესახებ გასულ წლებში სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები მიუთითებდა.

რკინიგზაში დანიშვნამდე დავით ფერაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ საქართველოს თანაინვესტირების ფონდში შპს „მტკვარი ჰესის“ დირექტორის პოზიციას იკავებდა. ის ასევე 2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა “საქართველოს რკინიგზაში” სხვადასხვა პოზიციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები