მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობას უარყოფს" - "ფერაძის სქემაზე" დაკავებული გიორგი კურტანიძის ადვოკატი

დიანა გვიშიანი

"ფერაძის სქემაზე" დაკავებული გიორგი კურტანიძის ადვოკატის, დიანა გვიშიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.

მისი თქმით, ის ნამდვილად იყო დაკავებული შავი ლითონის გადაზიდვით, თუმცა დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობას უარყოფს.

"გავეცანით ბრალის დადგენილებას. რამდენიმე მუხლით ედავებიან. არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალდებას და ამ ეტაპისთვის ავირჩიეთ კანონით გათვალისწინებული დუმილის უფლება.

მას ჰქონდა ნამდვილად შპს „ნოვა ტრანსი“, თუმცა რაიმე დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობას უარყოფს. მისი საქმიანობის სფერო ნამდვილად იყო შავი ლითონის გადაზიდვა, თუმცა ჩვენ ბრალდების მხარე გვედავება, რომ აღნიშნულ ჯართს ზიდავდა რკინიგზიდან. მსგავსი მტკიცებულებები ამ ეტაპისთვის მე საქმეში ვერ ვნახე და შესაბამისად ბრალს არ ვაღიარებთ და აღკვეთ ღონისძიებაზეც გვექნება ჩვენი პოზიცია", - ამბობს ადვოკატი.

მოსამართლის განჩინებით დაკავებულები არიან:

  • ანზორ ჯამალაშვილი;
  • რევაზ რევაზიშვილი;
  • გიორგი კურტანიძე;
  • მალხაზ ომარაშვილი;
  • გიორგი მარუქაშვილი;
  • ალექსანდრე ტორიაშვილი.

ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ:

  • დავით ფერაძე („საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი);
  • კიდევ ერთი პირი (რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე არ კონკრეტდება).

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 16 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე შავი ლითონის მითვისებისა და რელსების შედუღების სამუშაოებთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემაში იყო ჩართული. სუსის განცხადებით, საქმეზე რვა პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, საიდანაც ექვსი დაკავებულია, ორს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიების ვერსიით, ერთ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი მიითვისეს, რომელიც შემდგომში 17.39 მილიონ ლარად გაიყიდა, ხოლო მეორე ეპიზოდში რელსების შედუღების სამუშაოების მოცულობა ხელოვნურად გაზარდეს, რის შედეგადაც კონტრაქტორმა კომპანიამ დამატებით 403 844 ლარი მიიღო. სუს-ის თანახმად, დანაშაულებრივი სქემები რკინიგზაში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა.

3 მუხლით წაუყენეს ბრალდება. საქმის მასალები 40 ტომზე მეტია - "ფერაძის სქემაზე" დაკავებული ჯამალაშვილის ადვოკატი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები