ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ პროდუქციაზე ფასების შესამცირებლად აუცილებელია, სავაჭრო ქსელების მიერ დაწესებული სხვადასხვა ტიპის გადასახადები შემცირდეს.
როგორც ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "აჩინებულის” დამფუძნებელმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ხშირია შემთხვევა, როდესაც 2 ლარის თვითღირებულების მქონე პროდუქცია საბოლოოდ მარკეტში 6 ლარი ღირს.
გოჩა ღვინეფაძე ამბობს, რომ ე.წ. ქეშბექები და სხვა ტიპის გადასახადები გონივრულ ზღვარში უნდა მოექცეს. ამასთან, "აჩინებულის” დამფუძნებელი აცხადებს, რომ გამოწვევაა ქსელებისგან რეალიზებული პროდუქციის თანხის დაგვიანებული გადახდებიც. მისი თქმით, სავაჭრო ქსელებთან შექმნილი პრობლემების ფონზე, არაერთი ადგილობრივი კომპანია უკვე გაკოტრების პირასაა.
მისი თქმით, მწარმოებლებმა შესაბამისი პრობლემები სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე დააყენეს.
„ჩვენ საპარლამენტო ფორმატში მოვითხოვეთ, რომ მწარმოებლების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა, რომ როგორც ევროპის ქვეყნებშია, ჩვენთანაც უნდა გაჩნდეს კანონმდებლობაში ჩანაწერი, რომ ადგილობრივი პროდუქცია უპრობლემოდ უნდა განთავსდეს სავაჭრო ქსელებში. ყველა ქართულ კომპანიას ამაზე გვაქვს ურთულესი პრობლემა. ეს არის ვაჭრობის საგანი და უკვე თავიდანვე ჩვენს კონტრაქტებს რითეილ ჯგუფებთან ხდის ასიმეტრიულს. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ვართ სრულად ვართ იმათ ხასიათზე დამოკიდებული - როგორ შევიტანთ და საერთოდ შევიტანთ თუ არა. ნახევარზე მეტ ქსელურ მაღაზიებთან ვერ ვთანამშრომლობთ, ასე ვართ აბსოლუტურად ყველა ქართული წარმოება, ვერ შეგვაქვს. საქართველოში წარმოება გავხსენით, ჩავდეთ ფული და ქსელურ მარკეტებში პროდუქციას არ გვაღებინებენ. თუ გვაღებინებენ, ამას ჰქვია კომერციული პირობა და საკმაოდ დიდ თანხებთან დაკავშირებული. ზოგან საერთოდ არ [გვიშვებენ], მაგრამ უმრავლესობაში არის შესვლის თანხა, მერე თაროს თანხა და ა.შ.
მეორე პრობლემაა არის ეს „ყბადაღებული" „ქეშბექი“. ეს გადასახადი არ არის ერთი ციფრი, ის რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება. ჩვენ კონტრაქტით ვურიგდებით ქსელურ მაღაზიებს რაღაცა „X“ ფასზე. იმის შემდეგ მაღაზიას თავის ფასნამატი აქვს, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც კონტრაქტში წერია, რომ 45 დღეში უნდა გადაგიხადოს თანხა, მერე ხდება ამ თანხების გამოკლება. მაგალითად, ჩვენგან როდესაც 2 ლარი ღირს პროდუქტი, ამაში შედის წარმოების და სხვა ყველა დანახარჯი, კომუნალური, ბანკის ვალი, აბსოლუტურად ყველა დანახარჯი. შემდეგ ამ 2 ლარიან პროდუქტს ფასი ადევს მაღაზიაში უკვე 6 ლარი. შესაბამისად, დანამატი მინიმუმ 185%-ია.
პირველი - როდესაც ქსელური მაღაზიები გადიან საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, იქ კანონმდებლობის დონეზე უნდა იყოს დარეგულირებული - სავალდებულო უნდა იყოს ქართული პროდუქციის წარმოდგენა. თუ ჩვენი პროდუქტი ევროპაში გადის, ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში. როგორ წარმოგიდგენიათ ქართულ ბაზარს არ აკმაყოფილებს? ამიტომ პირველი არის, რომ ეს კანონმდებლობის დონეზე უნდა იყოს სავალდებულო.
მეორე - ეს „ქეშბექები“ უნდა გადაიხედოს. მე არ ვამბობ, რომ ეს „ქეშბექი“ ბოლომდე გაუქმდეს და იმიტომ რომ იმათ თავიანთი ხარჯი აქვთ, რითეილ ჯგუფებს, მაგრამ გონივრული ზღვარი უნდა დაწესდეს, რომ აქ ეს ტვირთად არ აწვებოდეს ქართულ მწარმოებელს და ქართული წარმოება ინახავდეს ქსელურ მარკეტს.
და მესამე - გადახდის ვადები. 45 დღის შემდეგ ხდება გადახდები ქართულ წარმოებასთან ამ დავალიანების. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 45 დღის შემდეგ რაც გაყიდულია მხოლოდ იმაზეა საუბარი. რეალურად ეს 90 დღემდე გრძელდება. ანუ ჩვენ ამ პერიოდში ვიხდით საბრუნავი ფულის პროცენტს ბანკისას, რომელიც დღეს არის ეფექტური წლიური 15% წლიური. ხომ წარმოგიდგენიათ 2-3% ეს კიდევ პროდუქციას აკლდება და ქსელურ მარკეტებს უჩნდებათ უფასო სამუშაო საბრუნავი ფული, რომელიც ჩვენ გვიჯდება და ჩვენ მივდივართ და მერე ბანკიდან ვიხდით ამ პროცენტს.
ეს უნდა მოგვარდეს ისე, რომ ორ კვირაში, როგორც დღგ-ს გადასახადის დეკლარაციას წარვადგენთ და გადახდილი უნდა გვქონდეს, იმ ორ კვირაში უნდა იყოს ეს შესყიდული საქონლის გადასახადი. ჩვენ ორჯერ-სამჯერ გვიწევს დღგ-ს გადახდა და მერე ვიბრუნებთ რაღაცა ფულის 20%-ს, 25%-ს. აი, ეს არის მთელი პრობლემის არსი. ეს სამი პრობლემა თუ გამოსწორდა, ფასიც დაიკლებს და ქართულ წარმოებასაც ეშველება“, - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.




























