3 წელია საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია მოქმედებს. მხარეებს შორის 2021 წლის 29 აპრილს ამოქმედებული ამ შეთანხმებით, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებულ სამრეწველო პროდუქციას ევროკავშირში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა.
პერსპექტიულ სექტორებს შორის, რომელთაც დიაგონალური კუმულაციით სარგებლობა შეუძლიათ, არის სამშენებლო მასალები, ავეჯი, ტექსტილი…
ერთადერთი სექტორი, რომელიც ამ ეტაპზე ამ შეთანხმებით სარგებლობს ტექსტილის ინდუსტრიაა. იმისთვის, რომ საქართველოში გადამუშავებული თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს, ამისთვის მხოლოდ დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების არსებობა არ არის საკმარისი. ამის მაგალითად გამოდგება, "მატერიალ თბილისი", რომელიც დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების ფარგლებში ექსპორტს ევროკავშირის 10-მდე ქვეყანაში ახორციელებს.
„ჩვენ აქტიურად ვიყენებთ თურქეთის ტერიტორიაზე შესყიდულ ნედლეულს შემდგომ, რომ დიაგონალური კუმულაციის პირობები დავიცვათ და უკვე შეკერილი, მზა მასალა გავიტანოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე, თუმცა ეს პროცესი რომ წარმატებით განხორციელდეს, აუცილებელია თურქეთის ტერიტორიიდან და ასევე ევროკავშირის ტერიტორიიდან ისეთი მასალის შეძენა, რომელიც გამყარებული იქნება სხვადასხვა ტიპის სერტიფიკატებით. ეს არის სერტიფიკატები, რომელიც მოწმობს ნედლეული მასალის უვნებლობას, მისი გადამუშავების ხარისხს, რომელიც მოწმობს, რომ არის ან უკვე გადამუშავებული ან გადამუშავებადი ნედლეული, და ასეთი ნედლეულის შესყიდვის შემდეგ საქართველოში, ჩვენს ფაბრიკაში დამზადებული მზა პროდუქცია შეგვიძლია გავიტანოთ თავისუფლად ევროკავშირის ტერიტორიაზე. ასეთი ნედლეულის საფუძველზე ხდება EURO1 სერტიფიკატის წარმოება, და ამ სერტიფიკატის საფუძველზე ჩვენი მიმღებები სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით საბაჟო პროცედურების დროს.
საბაჟო გადასახადი სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა პროცენტი, რაც საკმაოდ აძვირებს საბოლოო ჯამში საქონელს, შესაბამისად ეს შეღავათები დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია მსგავსი სავაჭრო მოლაპარაკებების დროს, ჩვენ კი გვაძლევს შესაძლებლობას მეტი ქვეყანა ავითვისოთ და გავაფართოოთ ჩვენი ბიზნესი.
ამ შესაძლებლობის გამოყენება როგორ უნდა მოხდეს, ქართულ ბიზნესში ცნობიერება და ინფორმაცია არის მწირი. არსებობს სხვადასხვა ტიპის კურსები/ტრენინგები, რომლის გავლის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებს ეძლევათ ინფორმაცია, რომ გვაქვს ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ არ არის მასობრივი გავრცელება ამის შესახებ,“- აცხადებს ანა ვეფხვაძე, „მატერიალ თბილისის“ საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელი.
ევროკავშირში გასასვლელად ემზადება სამშენებლო მასალების ინდუსტრიაც. დარგობრივი კლასტერი სწორედ ამაზე იწყებს მუშაობს, რომ კომპანიებმა ყველა იმ სტანდარტის დაცვა შეძლონ, რასაც ევროკავშირის ბაზარი მათგან ითხოვს. ამ პროცესში გამოწვევაა ისიც, რომ ჯერ ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურაც არ არსებობს.
„აქამდე სამშენებლო მასალების წარმოება ორიენტირებული იყო იმპორტის ჩანაცვლებაზე და აქცენტი გვქონდა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა ახლა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა აქტიურად დაიწყონ ფიქრი ექსპორტზე.
ჩვენმა ასოციაციამ მიიღო გრანტი GIZ-ისგან და ზუსტად ამაზე ვმუშაობთ და ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელიც განთავსდება შესაბამის პორტალზე, თუ რა მოთხოვნები აქვს ევროკავშირს კონკრეტული პროდუქციის მიმართ, შესაბამისად ჩვენ ვეხმარებით ჩვენს წევრებს, რომ დააკმაყოფილონ აღნიშნული სტანდარტები. ასევე აქ მნიშვნელოვანია ლაბორატორიები. სამწუხაროდ, საქართველოშია არ არის განვითარებული ლაბორატორიული სერვისი, ამიტომ მომავალში თუკი რაიმე კონკრეტული სტანდარტი იქნება მოთხოვნილი და საჭირო იქნება ლაბორატორიული დასკვნები, ამაზეც მოგვიწევს ფიქრი, როგორ მოხდეს ტესტირებები, ეს არ არის მარტივი პროცესი, აუცილებლად უნდა დავიწყოთ და როცა პრაქტიკაში შევეხებით ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ტექნიკური საკითხის მოგვარება.
ძვირად ღირებული სიამოვნებაა ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის შექმნა, ძირითადად კერძო ბიზნესია ჩართული ამ მიმართულებით, თუმცა კარგი იქნება, თუ კონკრეტული პროგრამა იქნება შემუშავებული სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც დაეხმარება ბიზნესს ლაბორატორიული დასკვნების მოპოვებაში. როგორც ვიცი, "აწარმოე საქართველომ" უკვე ჩართო სამშენებლო მასალების კომპონენტი ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამაში და იქ ეს კომპონენტი ითვალისწინებს დახმარებას, რათა მათ შეძლონ კონკრეტული ლაბორატორიული დასკვნების გაკეთება საზღვარგარეთაც კი. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, მომავალში როცა გაიზრდება ექსპორტი, გამოჩნდება კომპანიები, რომლებიც ამას აღიქვამენ როგორც საინტერესო ბიზნესმოდელს და იმედია გაჩნდება ადგილობრივი ლაბორატორიები,“- აცხადებს „სამშენებლო მასალების კლასტერის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ დაუშვილი.
თურქული ნედლეული აქტიურად გამოიყენება ავეჯის წარმოებაშიც, თუმცა დიაგონალური კუმულაციის შესაძლებლობით ჯერ არცერთ ავეჯის მწარმოებელს უსარგებლია. როგორც ავეჯის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ხოშტარია BM.GE-სთან აცხადებს, ავეჯის შემთხვევაშიც ევროკავშირის ბაზარი ხარისხის და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ითხოვს, ამ სტანდარტის დაცვა შეიძლება არ არის რთული, მაგრამ ბიზნესში შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობაა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ავეჯის მწარმოებლებიდან ექსპორტის გამოცდილება მხოლოდ ერთეულ კომპანიას აქვს. ადგილზე წარმოებული პროდუქციის 90%-ზე მეტი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.