თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული COP31-ის კლიმატის სამიტი კვირას შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა სამიტის თავმჯდომარეების, თურქეთისა და ავსტრალიის მიერ წარდგენილი საბოლოო დოკუმენტი უარყვეს.
მათი შეფასებით, შეთავაზებული ტექსტი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად ზედმეტად სუსტი იყო.
აღსანიშნავია, რომ ორ კვირაზე მეტხანს მიმდინარე მოლაპარაკებები დამატებით ორ დღეს გაგრძელდა, რამაც ანტალიის სამიტი COP31-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად აქცია, თუმცა ის მაინც შედეგის გარეშე დაიხურა.
ირლანდიის გარემოს დაცვის მინისტრმა დარა ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი წარდგენილ შეთანხმებას მხარს ვერ დაუჭერს, რადგან დოკუმენტში წიაღისეული საწვავი ნახსენებიც კი არ არის. მისი თქმით, მიუღებელია კლიმატის შესახებ ისეთი აქტის მიღება, რომელიც წიაღისეულ საწვავზე უარის თქმას არ ითვალისწინებს.
სამიტის დამკვირვებლების ცნობით, საუდის არაბეთი და ნავთობის მომპოვებელი სხვა მსხვილი ქვეყნები ტექსტიდან წიაღისეული საწვავის ხსენების ამოღებას ლობირებდნენ. როგორც ირკვევა, ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ წიაღისეული საწვავი უახლოეს მომავალში ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს შეინარჩუნებს, შესაბამისად, მასზე უარის თქმა ჯერ ნაადრევია.
ამის სანაცვლოდ მომპოვებელმა ქვეყნებმა დოკუმენტში ჩაწერეს, რომ ისინი ნახშირბადის შთანთქმის ტექნოლოგიებს სწრაფად განავითარებდნენ, თუმცა კრიტიკოსებმა ეს ნავთობის მოპოვების გაგრძელების საბაბად შეაფასეს და ინიციატივა უარყვეს.
კონფერენციის თურქმა პრეზიდენტმა მურატ ქურუმმა დასკვნით პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მასპინძელმა მხარემ ყველაფერი გააკეთა და შესაბამისად, ახალ ტექსტზე მუშაობას აღარ აპირებს. მოლაპარაკებების ავსტრალიელმა პრეზიდენტმა კრის ბოუენმა კი შედეგს „ძალიან იმედგამაცრუებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ შეთანხმებას ხელი წიაღისეული საწვავისა და კლიმატის დაფინანსების საკითხებზე არსებულმა უთანხმოებამ შეუშალა.
მომხდარის გამო იმედგაცრუება გამოხატა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმაც, რომელმაც მთავრობებს კლიმატის კრიზისის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, გაეროს კლიმატის სამიტი საერთო შეთანხმების მიღების გარეშე ბოლოს 2009 წელს კოპენჰაგენში დასრულდა.
























