მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

ტრამვაი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ერთობლივი საწარმო EYE-ის (Emre Ray + Yüksel + Erk) წარმომადგენელი ჰალით ემრე ილმაზი აცხადებს, რომ პროექტის სრულად დასრულებას 3 წელიწადში გეგმავენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე პროექტირება სწრაფად უნდა განხორციელდეს. მათ შორის, თბილისის მერიასთან შეთანხმებით უნდა განისაზღვროს დიზაინი და ტრამვაის დეპო-საწყობის ადგილმდებარეობა.

„ზუსტ თარიღს ახლა ვერ გეტყვით, თუმცა, დამერწმუნეთ, თბილისის მერიასთან ერთად ძალიან სწრაფად და ეფექტურად ვიმუშავებთ, სწრაფად მივიღებთ გადაწყვეტილებებს და უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე უმოკლეს დროში გადავალთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოცემულ 3-წლიან დროში აუცილებლად ჩავეტევით და დარწმუნებული ვარ, ძალიან ეფექტურ და კარგ პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, კომპანია საქართველოში თურქეთსა და სხვა ქვეყნებში დაგროვილ გამოცდილებას გამოიყენებს და პროექტის სწრაფად და ხარისხიანად განხორციელებას შეეცდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ამ პროექტის განხორციელება, რადგან საქართველო ჩვენი მეგობარი და მოძმე ქვეყანაა. ტრამვაის ხაზებისა და სატრანზიტო სისტემების მშენებლობის კუთხით თურქეთსა და სხვა ქვეყნებში დაგროვილ დიდ გამოცდილებას სრულად გამოვიყენებთ და გავუზიარებთ საქართველოს“, - განაცხადა ჰალით ემრე ილმაზმა.

ცნობისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს შორის ხელშეკრულება ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გაფორმდა. პროექტის ბიუჯეტი 287.6 მილიონ ლარს შეადგენს. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 7.5 კმ სიგრძის ხაზის მოწყობა, სადაც 11 გაჩერება იქნება. ასევე აშენდება დეპო, რომელიც 11 ტრამვაის შემადგენლობის მომსახურებასა და ექსპლუატაციაზე იქნება გათვლილი. ხაზის მშენებლობის პარალელურად, ცალკე ტენდერი გამოცხადდება 10 ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები