მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ტრამვაის პროექტზე ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ხვალ გაფორმდება

ტრამვაი

ხვალ 7 სექტემბერს, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ტრამვაის პროექტირებისა და მშენებლობის პროექტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს.

როგორც დაგეგმილია, ხელმოწერის ცერემონიალი 12:00 საათზე თბილისის საკრებულოში გაიმართება.

შეგახსენებთ, ტრამვაის პროექტის ტენდერში თურქულმა ერთობლივმა საწარმომ EYE-მ (Emre Ray + Yüksel + Erk) გაიმარჯვა.

ცნობისთვის, დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის პროექტი 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი Design-Build (DB) მოდელით განხორციელდება, რაც ერთ კონტრაქტორზე აერთიანებს როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის ვალდებულებას. პროექტის დასრულებისთვის 36-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi სარკინიგზო და ტრამვაის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სპეციალიზებული თურქული კომპანიაა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, EmreRay-ს განხორციელებული აქვს სტამბულის ემინონუ-კაბატაშის 7.3-კილომეტრიანი ტრამვაის მონაკვეთის პროექტი, რომელიც ლიანდაგებისა და საკონტაქტო ელექტროგაყვანილობის მოწყობას მოიცავდა.

კომპანიის გამოცდილებაში ასევე შედის თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში 17-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის პროექტი, ხოლო ქალაქ ანტალიაში ტრამვაის სისტემის ელექტრიფიკაციის სამუშაოები.

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში EmreRay-ის ერთობლივმა საწარმომ სამუშაოების შესრულება 287,654,321 ლარად შესთავაზა, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, 416.6 მილიონ ლარზე, დაახლოებით 129 მილიონი ლარით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები