მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 თვეში საქართველომ $22 მლნ-მდე ღირებულების პურ-ფუნთუშეული შეიძინა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

პურ-ფუნთუშეული

საქართველოში პურ-ფუნთუშეულის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, წელს, 3 თვეში საქართველომ $21,9 მლნ-ის ღირებულების 7,392 ტონა პურ-ფუნთუშეული შეიძინა, მაშინ როდესაც გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში 7,139 ტონა პროდუქტი ჰქონდა შეძენილი, რომელშიც ქვეყანამ $19,7 მლნ გადაიხადა.

აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ქვეყანას პურ-ფუნთუშეულის იმპორტის 3.5% -იანი ზრდა უფიქსირდება.

ქვეყნისთვის, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, სადაც წელს საქართველომ $5 მლნ-ის 2,451 ტონა პურ-ფუნთუშეული შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ამ ბაზარზე წინა წელთან შედარებით კლება შეინიშნება. 2024 წელს, რუსეთიდან საქართველომ $5,5 მლნ-ის ღირებულების 2,867 ტონა პურ-ფუნთუშეული შეიძინა, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთიდან ამ პროდუქტზე იმპორტი ქვეყანას 14.5%-ით შეუმცირდა.

პურ-ფუნთუშეულის იმპორტიორი ტოპ-5 ქვეყანა (2025/3 თვე):

  • რუსეთი - $5 მლნ, 2,451 ტონა ;
  • თურქეთი - $3,8 მლნ, 1,178 ტონა;
  • უკრაინა - $3,1 მლნ, 1,122 ტონა;
  • აზერბაიჯანი - $1 მლნ, 611 ტონა;
  • ბულგარეთი - $1,6 მლნ, 344 ტონა.

თუ პურ-ფუნთუშეულის იმპორტს წლიურ ჭრილში შევხედავთ, ბოლო 4 წელია, რუსეთი პურ-ფუნთუშეულის შესასყიდად შეუცვლელი ბაზარია და ამ ბაზრიდან იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება.

პურ-ფუნთუშეულის იმპორტი რუსეთიდან (2021 - 2025 წლები):

  • 2021 წელი - $18,8 მლნ, 11,749 ტონა;
  • 2022 წელი - $ 26,8 მლნ, 11,990 ტონა;
  • 2023 წელი - $ 25 მლნ, 12,719 ტონა;
  • 2024 წელი - $25,7 მლნ, 13,083 ტონა.

ბოლო პერიოდში ქართული პურის მწარმოებლები საქართველოდან პურ-ფუნთუშეულის ექსპორტზე საუბრობენ. ადგილობრივად წარმოებული პურის ექსპორტის პირობებში, მზარდია საქართველოდან პურ-ფუნთუშეულის სხვა ქვეყნებში გაყიდვის სტატისტიკა, რომელიც იმპორტთან შედარებით მცირეა.

საქსტატის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წლის 3 თვეში (იანვარ-მარტი), საქართველომ პურ-ფუნთუშეულის ექსპორტიდან $1,7 მლნ-ის შემოსავალი მიიღო და 502 ტონა პროდუქტი გაყიდა. მაშინ როდესაც 2024 წლის ამავე პერიოდში, საქართველოს $1,4 მლნ-ის 407 ტონა პურ-ფუნთუშეული ჰქონდა გაყიდული. ანუ წელს ექსპორტი 23.3%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნისთვის პირველ კვარტალში მთავარი სავაჭრო ქვეყანა აზერბაიჯანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 3 თვეში, საქართველომ აზერბაიჯანში $501 ათასის 202 ტონა პურ-ფუნთუშეული გაყიდა.

პურ-ფუნთუშეულის საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია (2025/3 თვე):

  • აზერბაიჯანი - $501 ათასი, 202 ტონა;
  • სომხეთი - $ 739 ათასი, 125 ტონა;
  • ერაყი - $177 ათასი, 73 ტონა;
  • ისრაელი - $134 ათასი, 69 ტონა;
  • თურქეთი - $69 ათასი, 13 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები