მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„30% საერთაშორისო მომხმარებელია“ - რა ეფექტი ექნება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას უძრავი ქონების სექტორზე?

სურგულაძე რემაქსი

ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაცხადებული პოზიციის მიხედვით, 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია გაგრძელდება. მაღალი ალბათობით გადაიხედება ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ვიზალიბერალიზაციაც, რაც მიღმა ევროპაში მოგზაურობის გართულებისა, ნეგატიურად აისახება არაერთ სექტორზე, რომელთა შორის არის უძრავი ქონებაც.

რე/მაქს ჯორჯიას მასტერ ფრენჩაიზის რეგიონალური წარმომადგენლობის ვიცეპრეზიდენტის მარიამ სურგულაძის თქმით, მათი კლიენტების 30% სწორედ საერთაშორისო მომხმარებელია. მათი ნაწილი საქართველოში ბინას საინვესტიციოდ, ნაწილი კი ბინადრობის უფლების მოპოვებისთვის ყიდულობს. კომპანიაში ამბობენ, რომ პოტენციურად ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ბაზრიდან ამ წილს გააქრობს. 30%-იანი კლების შემთხვევაში სექტორს ქონების გაიაფება მოუწევს, ეს კი როგორც დარგზე, ისე ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ ეფექტს მოახდენს.

„ვიზალიბერალიზაცია თავისი მასშტაბით უდიდესი მონაპოვარია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ვფიქრობ, რომ ამას მოფრთხილება სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საერთაშორისო კომპანია ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბერკეტის შენარჩუნება, რადგანაც პირველ რიგში ჩვენ დასავლურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ სამუშაო სტანდარტებს ვნერგავთ ამ ბაზარზე და ამასთან, ჩვენი მომხმარებლის დიდი ნაწილი საერთაშორისოა.

ჩვენ ვარაუდის სახით შეგვიძლია ვისაუბროთ იმ რისკებზე, რაც შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირში ინტეგრაციას და ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეექმნება. უნდა ითქვას, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ძალიან საინტერესოა საერთაშორისო მომხმარებლისთვის სადაც იგულისხმება საცალო მყიდველიც. ბოლო კვლევებს თუ გადავხედავთ, მათი წილი დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ორ კატეგორიად იყოფა ეს ჯგუფი, ერთი ვინც საინვესტიციოდ ყიდულობს, ანუ პასიური შემოსავლისთვის და მეორე ვინც ბინადრობის უფლების მიღებისთვის. ასეთი ტიპის მომხმარებელი ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოდიან ჩენს ქვეყანაში და მინდა ვთქვა რომ მათი წილი დიდია. ამ ტიპის მომხმარებლისთვის საქართველო წარმოადგენს ერთგვარ ფანჯარას ევროპაში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მას რომ ამ მოპოვებული ბინადრობის უფლების საფუძველზე ვიზალიბერალიზაციით ისარგებლოს და გადაადგილდეს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, 30% არ არის პატარა მაჩვენებელი და თუ ამას საფრთხე შეექმნება ეს ძალიან უარყოფითად აისახება უძრავი ქონების მოთხოვნაზე პირველად ბაზარზე.

მოთხოვნა თუ შესუსტდება, ეს ძალაუნებურად გამოიწვევს დეველოპერების მხრიდან გამოტანილ პროდუქციაზე ფასის კლებას. ფასის კლება კი მაშინ, როცა ვიცით თვითღირებულება როგორ გაიზარდა რთული იქნება ინდუსტრიისთვის. საბოლოო ჯამში სერიოზული რისკის წინაშე დააყენებს სექტორს და ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელზე,“ - განაცხადა სურგულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები