„ინნ ჯგუფის" თანადამფუძნებლის პაატა კოკაიას ინფორმაციით, უძრავი ქონების ფასის ზრდის უმთავრესი მიზეზი მიწის ღირებულებაა. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, მინიმალური ღირებულება კვ.მ-ზე 250-300$-ია. მიწის ფასის ზრდის საფუძველი კი დედაქალაქში შექმნილი დეფიციტია.
„დღეს მიწის შოვნა თბილისში ძალიან რთულია, ჩვენ ვეძებთ მიწას, გვინდა რომ ვიყიდოთ და არ არის, გარეუბანშიც აღარ არის, არათუ ცენტრში. მთლიან ღირებულებაში 300$ მაინც მიაქვს მიწის ფასს. გასაყიდი ბინა თავის სადარბაზოებით და ლიფტით დეველოპერს უჯდება 400$, ამას ემატება დასუფთავების მოსაკრებელი 10$ და ბანკი. იმისთვის, რომ მშენებლობა დროულად დასრულდეს ბანკის გარანტიაც გჭირდება, ეს არის დაახლოებით კვ.მ-ზე 30$. ანუ ბინის თვითღირებულება 730-740$-ია. ადრე თბილისში 800 000$-ად იყიდიდი მიწის ნაკვეთს, დღეს მშენებლობისთვის საკმარის მიწას, მინიმუმ 2,5$ მლნ სჭირდება.“ - განაცხადა კოკაიამ.
bmg-თან საუბრისას კოკაიამ ქვეყნის ევროპასთან დაახლოების მნიშვნელობაზეც გააკეთა კომენტარი.
„არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის? - რა თქმა უნდა ევროპა, რა თქმა უნდა ევროპა.“ - აღნიშნა მან.