300-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველი პარლამენტის თავმჯდომარეს მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით მიმართავს.
პეტიცია, რომელსაც 300 მოქალაქის ხელმოწერა აქვს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის სახელზეა გაგზავნილი და პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა. საკითხი განსახილველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა, რომელმაც ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაადასტუროს, რის შემდეგაც საკითხის განხილვა დაიწყება.
“რამდენიმე წელია, ქართველ ფერეიდნელებს მასობრივად უარს ეუბნებიან, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ასევე ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების მხრივ, დაბრკოლებები არ გააჩნიათ. ბუნებრივია, ფერეიდნელი იქნება თუ, სხვა ნებისმიერი პირი, უნდა შემოწმდეს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურის მხრიდან და შესაძლოა, უარიც ეთქვას, თუმცა ფერეიდნელებისთვის უარს ბოლო წლების განმავლობაში მასიური ხასიათი აქვს. ვითხოვთ აღნიშნული საკითხის განხილვას პარლამენტის შესაბამის კომიტეტში”, - ნათქვამია პეტიციაში.