საქართველოს აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, საქართველოსთან პარტნიორობის 32 წლიანი პერიოდის განმავლობაში ამერიკას ქვეყნისთვის 6 მლრდ დოლარზე მეტის დახმარება აქვს გაწეული. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
რობინ დანიგანის თქმით, საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორ შეერთებული შტატები.
„ამ 32 წლის განმავლობაში საქართველოსთვის დახმარების სახით 6 მლრდ დოლარზე მეტი გვაქვს გაწეული და ეს არ არის მხოლოდ რიცხვებში ასახული. ეს პარტნიორობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. ბევრია ქართველი, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა ამ პარტნიორობით. ძალიან ბევრი ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, პროფესორი, სტუდენტი შემხვედრია - პარტნიორობამ შეცვალა მათი ცხოვრება. ამ დახმარებამ ხელი შეუწყო ქართველების ბიზნესს განვითარებაში.
შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, ჩვენი დაფინანსება იყო მიმართული საქართველოს სასაზღვრო პუნქტებსა და გასასვლელების აღჭურვილობაში, მოვამზადეთ მესაზღვრეები.
1600 ქართველი ბენეფიციარია, რომლებმაც სამხედრო განათლებით ისარგებლა. აშშ- საქართველო აღვჭურვეთ ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობებით და მათ საერთო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. თუ გადავხედავთ 32 წელს ვნახავთ, რომ შეერთებული შტატები არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი საქართველოში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში და დასძინა, რომ გასულ კვირას საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას, მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მზაობა, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.