მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

320,000 ლარის ანაზღაურება და აქციები - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ნინო ჯელაძის დეკლარაცია

ნინო ჯელაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ჯელაძემ ქონებრივი მდგომარეობის ყოველწლიური დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციის თანახმად, ნინო ჯელაძემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში ხელზე ასაღები შემოსავლის სახით 320,205 ლარი მიიღო. დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ მან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2025 წლის თებერვლიდან დაიკავა.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ნიკა ანდრიაშვილს, ის „საქართველოს ბანკში“ ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამისობის და რისკების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა, სადაც 2025 წლის იანვრის თვეში მისმა ანაზღაურებამ 182,747 ლარი შეადგინა.

უძრავი და მოძრავი ქონება

  • თბილისში, ლისის ქუჩაზე მდებარე 119.6 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მან 2018 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით, 143,000 ევროდ შეიძინა.
  • თბილისში, ლისის ქუჩაზე მდებარე 13.2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ნასყიდობა, 2025 წელი, ღირებულება 10,667 ლარი). შენიშვნის სახით მითითებულია, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენს სარდაფს.
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხისში მდებარე საცხოვრებელი სახლის (806 კვ.მ) 50%-იანი წილი, რომელიც მისმა მეუღლემ, ნიკა ანდრიაშვილმა, 2022 წელს მემკვიდრეობით მიიღო.

მოძრავი ქონების ნაწილში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ფლობს მსუბუქ ავტომობილს — Toyota RAV 4-ს, რომელიც 2023 წლის 24 მაისს არის შეძენილი 93,758 ლარად.

ფასიანი ქაღალდები და საინვესტიციო პორტფელი

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ოჯახი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ფასიან ქაღალდებში. ნიკა ანდრიაშვილი ფლობს Lion Finance Group PLC-ის 830 აქციას, რომელთა შეძენის ფორმად მითითებულია ცვლადი ანაზღაურება აქციებით, ხოლო გადახდილი საფასური 206,593.12 ლარია.

თავად ნინო ჯელაძის მფლობელობაშია წილობრივი აქციები სხვადასხვა წამყვან საერთაშორისო კომპანიებსა და ფონდებში, რომლებიც ძირითადად 2025 და 2026 წლებში აქვს შეძენილი:

  • AMD (Advanced Micro Devices) — შეძენილი 2025 წელს, 70.5 USD-ად, ნომინალური ფასი 169.49 USD
  • Broadcom Inc (AVGO) — შეძენილი 2025 წელს, 150 USD-ად, ნომინალური ფასი 297.37 USD
  • Meta Platforms (META) — შეძენილი 2025 წელს, 150.5 USD-ად, ნომინალური ფასი 756.81 USD
  • NVIDIA Corporation (NVDA) — შეძენილი 2025 წელს, 177.29 USD-ად, ნომინალური ფასი 177.18 USD
  • State Street SPDR S&P 500 ETF (SPY) — შეძენილი 2025 წელს, 100.5 USD-ად, ნომინალური ფასი 643.78 USD
  • Invesco Galaxy Bitcoin ETF (BTCO) — შეძენილი 2025 წელს, 100.5 USD-ად, ნომინალური ფასი 113.87 USD
  • iShares Bitcoin Trust ETF (IBIT) — შეძენილი 2025 წელს, 100.5 USD-ად, ნომინალური ფასი 64.84 USD
  • SPDR Gold Shares (GLD) — შეძენილი 2026 წელს, 150 USD-ად, ნომინალური ფასი 305.82 USD

საბანკო ანგარიშები, დეპოზიტები და ნაღდი ფული

ნინო ჯელაძეს სხვადასხვა ქართულ საბანკო დაწესებულებაში რამდენიმე ანგარიში და ანაბარი აქვს გახსნილი:

  • „პროკრედიტ ბანკი“: ვადიანი დეპოზიტი 50,000 აშშ დოლარის ოდენობით და მოთხოვნამდე ანაბარი 10,350 აშშ დოლარის ოდენობით.
  • „საქართველოს ბანკი“: მოთხოვნამდე ანაბრები — 31,000 ევრო, 13,002.16 აშშ დოლარი და 25,032.59 ლარი; ასევე მიმდინარე ანგარიშზე — 5,322.13 ლარი.
  • „თიბისი ბანკი“: მიმდინარე ანგარიშზე — 8,230.1 ევრო.

ნაღდი ფულადი თანხის სახით, ნინო ჯელაძემ დეკლარაციაში მიუთითა დანაზოგი 27,000 აშშ დოლარისა და 10,000 ლარის ოდენობით.

ფინანსური ვალდებულებები და სხვა ხარჯები

დეკლარაციაში ასევე ასახულია ოჯახის მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებები. ნინო ჯელაძეს „თიბისი ბანკში“ აქვს ორი სასესხო ხელშეკრულება:

  1. 2018 წელს აღებული 145,000 ევროს ოდენობის სესხი (მოქმედების ვადა 2034 წლამდე), რომლის გასავალმაც წლის განმავლობაში 9,122.44 ევრო შეადგინა.

  2. 2023 წელს აღებული 80,000 ლარის ოდენობის სესხი (მოქმედების ვადა 2033 წლამდე), წლის განმავლობაში გადახდილი თანხით — 13,481.16 ლარი.

სხვა ხარჯების ნაწილში დაფიქსირებულია შვილის, ქეთი ანდრიაშვილის სწავლის საფასური შპს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“, რამაც 8,271 ლარი შეადგინა, და ტანსაცმლის ონლაინ-პლატფორმა Mytheresa.com-ზე დახარჯული 1,011.2 ევრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები