ინფლაციის ფორმირებასა და მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრაში მთავარი წვლილი ენერგორესურსების ფასებს მიუძღვის, რაც მწვავე გეოპოლიტიკური ვითარებითა და ნავთობზე გაზრდილი ფასებითაა გამოწვეული. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა სოფრომაძემ განაცხადა.
სოფრომაძე განმარტავს, რომ მათი მოლოდინით წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი 5.2% იქნება.
"მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპროცენტო განაკვეთის 8.25%-ზე უცვლელად დატოვება, რაც ზომიერად გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას წარმოადგენს. ამის ძირითადი მიზეზი მიმდინარე ინფლაციური ტენდენციებია, რომლებიც ამ ეტაპისთვის ცენტრალური ბანკის პროგნოზთან თანხვედრაშია. აღნიშნული პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს ინფლაცია 5.2% იქნება. ინფლაციას ძირითადად ენერგორესურსების ფასები განაპირობებს და მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრაში მთავარი წვლილი სწორედ მათ მიუძღვით. ეს გამოწვეულია მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რის გამოც ნავთობზე ფასების ზრდა საკმაოდ მკვეთრია.
რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ ინფლაციურ რისკს, რომელსაც მაღალინფლაციურ სცენარად განვიხილავთ თუ ეს მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა დიდხანს შენარჩუნდება, არსებობს საფრთხე, რომ იგი ე.წ. ინფლაციურ მოლოდინებსა და მეორე რაუნდის ეფექტებში გადაიზარდოს. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ამის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი საბაზო ინფლაციაა, რომელიც აგვისტოში 3.6%-ს შეადგენდა. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ აღნიშნული ეფექტი ჯერჯერობით ზომიერი რჩება.
ამასთანავე, არსებობს დაბალინფლაციური რისკის განვითარების სცენარიც. ეს გულისხმობს, რომ ბოლო წლებში არსებული ძლიერი საგარეო შემოდინებები და სტრუქტურული ცვლილებები უფრო ხანგრძლივად შენარჩუნდება. შესაბამისად, წონასწორულ მიმდინარე ანგარიშის ბალანსთან შედარებით, დაბალი დეფიციტი უფრო დიდხანს გასტანს, რაც ხელს შეუწყობს დაბალინფლაციური სცენარის განვითარებას.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აკვირდება მიმდინარე მოვლენებსა და ამ რისკების შეფასებებს. ოქტომბერში იგეგმება პროგნოზების გადახედვა. შესაბამისად, განახლებული რისკების ანალიზის, პროგნოზებისა და ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით მზად ვართ, მონეტარული პოლიტიკა იმგვარად წარვმართოთ, რომ ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენის ამოწურვის შემდეგ, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს", - აცხადებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი..
























