მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

იგლ ჰილსი

თბილისის Eagle Hills-ის, ანუ Tbilisi Waterfront-ის პროექტზე განაშენიანების გეგმა სახელმწიფოს წარედგინა - კომპანიამ დღეს დეტალური პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს განაშენიანების რეგულირების გეგმის განსახილველად წარედგინა.

პროექტი მოიცავს სახელმწიფოს მიერ Eagle Hills-ისთვის სოფლებში ყარაჯალარში, აღთაკლიაში, ფონიჭალასა და კრწანისში უზურფუქტით გადაცემულ 6.33 მილიონ კვადრატულ მეტრს (633 ჰექტარს).

წარდგენილი პროექტის თანახმად, Tbilisi Waterfront-ის განვითარება სამ ფაზად უნდა განხორციელდეს და ბოლო ფაზა 2040 წლისთვის უნდა დასრულდეს, ხოლო მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 3.4 მილიარდ დოლარამდე იქნება.

ტიპიური სახლების/ვილების პროექტები:

განაშენიანების ფაზები

საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განაშენიანება:

საცხოვრებელი ფონდი

დეტალური გეგმის მიხედვით, ტერიტორიაზე ჯამში 10,830 საცხოვრებელი ერთეულის მოწყობაა გათვალისწინებული. მათ შორის იქნება 881 ინდივიდუალური ვილა, 1,096 თაუნჰაუსი და 8,853 აპარტამენტი.

პროექტის საპროგნოზო მოსახლეობა 21,500-დან 22,100 ადამიანამდეა განსაზღვრული.

დოკუმენტაციის თანახმად, საცხოვრებელი განაშენიანების ძირითადი ნაწილი დაბალი ინტენსივობის იქნება. შენობების ძირითადი სართულიანობა 1-დან 6 სართულამდე განისაზღვრება, ცალკეულ ზონებში კი მაქსიმალური სართულიანობა 6-7 სართული იქნება.

პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელთან ერთად, გათვალისწინებულია სასტუმროები, კომერციული ფართები, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და სოციალური ინფრასტრუქტურა.

ტერიტორიაზე 345 ჰექტარი საერთო და რეკრეაციულ სივრცეს დაეთმობა

Tbilisi Waterfront-ის პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მწვანე და სარეკრეაციო სივრცეებს. გეგმის მიხედვით, საერთო და რეკრეაციული ფუნქციისთვის 345 ჰექტარია გათვალისწინებული.

ლანდშაფტური კონცეფცია ითვალისწინებს მდინარისპირა ჭალის ტყეების შენარჩუნებასა და რეაბილიტაციას. არსებული ტბები და დაჭაობებული ტერიტორიები კი მრავალფუნქციურ საპარკო სივრცეებად უნდა გარდაიქმნას.

პროექტის დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩატარებული ხეების ტაქსაციის საფუძველზე განაშენიანება ისე დაიგეგმა, რომ ზრდასრული ხეების მაქსიმალური რაოდენობა შენარჩუნდეს. საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული ხეების დროებით სანერგეებში გადარგვაც არის გათვალისწინებული.

მტკვრის გასწვრივ არსებული ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორიები შედარებით მკაცრი რეჟიმით იქნება დაცული და იქ მხოლოდ მსუბუქი საპარკო ნაგებობების განთავსებაა შესაძლებელი.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

პროექტის მიხედვით, ტერიტორიის საგზაო ქსელი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით იქნება ორგანიზებული. დოკუმენტაციის თანახმად, ასეთი დაგეგმარება, მათ შორის, ტერიტორიის ბუნებრივი ვენტილაციისა და ქარების მიმართულებების გათვალისწინებას ემსახურება.

მტკვარზე ორი ახალი დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი. ამასთან, პროექტი ერთი არსებული ხიდის აღდგენასაც ითვალისწინებს.

ტერიტორიაზე მოეწყობა ველობილიკებიც, რომელთა სიგანე 3 მეტრი იქნება. ასევე გათვალისწინებულია შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები, რომლებიც დასახლების ძირითად სატრანსპორტო კვანძებთან დაკავშირებას უზრუნველყოფს.

პროექტის კონცეფციის მიხედვით, ძირითადი ფუნქციები ისე უნდა განთავსდეს, რომ მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაახლოებით 10-წუთიან საფეხმავლო მანძილზე იყოს ხელმისაწვდომი.

სოციალური ინფრასტრუქტურა

Tbilisi Waterfront-ის ტერიტორიაზე დაგეგმილია სოციალური და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მოწყობაც. პროექტი ითვალისწინებს სკოლის, საბავშვო ბაღის, სასწრაფო დახმარების პუნქტისა და „ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის“ განთავსებას.

ამ უკანასკნელის ფუნქციებში, პროექტის მიხედვით, შესაძლოა შევიდეს coworking სივრცეები, სავარჯიშო დარბაზები და სათემო ცენტრები.

Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტი ასე ნაწილდება:

  • თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (633 ჰექტარი):
    კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები.
  • გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
    პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მოლოდინია, რომ 2026 წელს საპროექტო სამუშაოები დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები