კახეთში, ყვარელში მდებარე სასტუმრო კომპლექსი „ბურკის ციხე-მარანი“ 35%-მდე დატვირთვით მუშაობს. აღნიშნულზე ტურისტული ობიექტის Front Office მენეჯერმა, ვანო მახარაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში, სეზონის შეფასებისას განაცხადა.
ობიექტი, რომელიც შარშან, დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ინვესტიციით გაიხსნა, 25 ნომერს აერთიანებს, რაც საშუალებას იძლევა, რომ 60-მდე სტუმარს უმასპინძლონ. ამასთან, ტურისტული ობიექტი გამორჩეულია საკუთარი მარნით, აუზითა და რესტორნით, სადაც მომხმარებელს ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეუძლია.
„სასტუმრო მოიცავს 25 ნომერს, მათ შორის 8 ლუქს ტიპის ნომერს, ასევე აქვს აუზი, მარანი და რესტორანი. ობიექტის ტერიტორიაზე განლაგებულია დაახლოებით 10 ჰექტარი ვენახი, რომლის მოსავალი (რქაწითელი, ქისი, საფერავი) პირდაპირ მარანში იწურება და ქვევრებში ინახება. სასტუმროში წარმოებული ღვინო ამჟამად მხოლოდ ადგილობრივად, სასტუმროს რესტორანში იყიდება, თუმცა სამომავლოდ მისი ბრენდირება და სარეალიზაციო ქსელის გაფართოებაც იგეგმება“, - განაცხადა ვანო მახარაშვილმა.

რაც შეეხება დატვირთვას, მენეჯერის განმარტებით, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსი აქტიურ სეზონზე 80%-ით იტვირთება, ხოლო ზამთრის სეზონზე, როდესაც მოთხოვნა დაბალია, დაახლოებით 35%-მდე არიან დატვირთული.
"მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან, თუმცა გვსტუმრობენ უცხოელები. მათი წილი 70%/30%-ზე ნაწილდება ქართველების სასარგებლოდ. სტანდარტულ ნომერში განთავსება, საუზმით 250–300 ლარამდე ღირს, თუმცა სეზონზე გვაქვს ფასდაკლებები და აქციები“, - ამბობს მახარაშვილი.

სასტუმროს მნიშვნელოვანი ნაწილი საკონფერენციო სივრცეა, რომელიც მარნის გვერდით მდებარეობს.
ობიექტი ამჟამად 25 ადამიანს ასაქმებს, რომელთა ძირითადი ნაწილი მეზობელი სოფლებიდან ან ქალაქებიდან არიან: "კვალიფიციური კადრის მოძიება რთულია, რადგან ბევრი რეგიონიდან მოსახლეობა დედაქალაქში გადავიდა. თუმცა, ჩვენი თანამშრომლები ტრენინგებისა და პრაქტიკის საშუალებით საკმაოდ დიდ გამოცდილებას აგროვებენ", - აცხადებს ვანო მახარაშვილი.



























