2024 წლის 30 ნოემბერს, პორტუგალიის დედაქალაქში, ლისაბონში რესტორან “ჩვენის” ფილიალი, სახელად Karater გაიხსნა.
როგორც რესტორნის დამფუძნებელი, შეფი გურამ ბაღდოშვილი BM.GE-სთან ამბობს, გახსნის დღიდან რესტორანმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და პოპულარობა მოიპოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული გასტრონომია ხასიათიანია, ხოლო სიტყვა Karater ითარგმნება როგორც ხასიათი, შეფმა გადაწყვიტა, რომ პორტუგალიის ბაზარზე, სწორედ ამ სახელით პოზიციონირებულები.
ბაღდოშვილის ინფორმაციით, ობიექტი მომხმარებელს სრულად ქართულ სამზარეულოს და ღვინოს სთავაზობს. რესტორანი ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, რომ საქართველო, მისი გასტრონომია და კულტურა ქვეყანაში ჩამოუსვლელად გაიცნონ. ობიექტი ძველ ლისაბონში, ტურისტულ ზონაში მდებარეობს, სადაც განთავსებული რესტორნების 99% პორტუგალიურია.
"Karater მოულოდნელად კარგად განვითარდა, მიუხედავად დაბალი სეზონისა. ძალიან დიდი მოთხოვნაა ქართულ სამზარეულოზე, რაც ბევრი შრომის შედეგია. სხვადასხვა სექტორებიდან, კარგი მეღვინეობიდან და პატარა ქართული რესტორნებიდან გამომდინარე, საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება. ტურიზმის ადმინისტრაცია საქართველოს და მისი გასტრონომიის პოპულარიზაციისთვის ბევრს შრომობს. ყოველ შემთხვევაში მათთან ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციაზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.
რესტორანი 10 ადამიანს ასაქმებს. ძალიან დიდი პრობლემაა ქართველების საზღვარგარეთ დასაქმებაზე, რადგან მიგრაცია ფაქტობრივად დახურულია. შესაბამისად, ქართველების საზღვარგარეთ დასაქმება საელჩოებთან თანამშრომლობასთან და რამდენიმე წლიან ლოდინთანაა დაკავშირებული. არალეგალურად დასაქმება კი ძალიან დიდი საფრთხეა დამსაქმებლისთვის. ლოკალურად ქართველები ვინც არიან, რამდენიმე ავიყვანეთ, ვასწავლით. ასევე ადგილობრივი პორტუგალიელი მცხოვრებლებიც მომსახურე პერსონალად დავასაქმეთ“, - ამბობს ბაღდოშვილი.
ის ასევე დასძენს, რომ ობიექტის მიმართ დაინტერესება იმდენად დიდია, რომ რესტორანს Food ბლოგერები სტუმრობენ, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ ახდენენ ობიექტის პოპულარიზაციას. ამასთან, უკვე არაერთმა მედიამ დაწერა მათ შესახებ და პუბლიკაცია მიუძღვნა.
„მე თვითონ აღფრთოვანებული ვარ, რა კარგი გამოვიდა. ძირითადად ჩვენი მომხმარებლები ელჩები არიან, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. გვსტუმრობენ ყაზახეთიდან, უკრაინადან, პოლონეთიდან. ასევე, შიგადაშიგ რუსები და ბელორუსებიც ერევიან“, - ამბობს რესტორატორი.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის გახსნისთვის საინვესტიციო ღირებულება 300 000 ევრომ შეადგინა.