მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3,5 მლნ ლარის ღირებულების მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

64759822f01d4
BM.GE
30.05.23 10:31
3771
3,5 მლნ ლარის ღირებულების სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. კერძოდ, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იტყობინება, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების, ქონების თაღლითურად დაუფლების მცდელობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ, სიღნაღის რაიონში მდებარე, 350 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3 500 000 ლარს. ამასთან, ბრალდებული შეეცადა ამავე გზით დაუფლებოდა სიღნაღის რაიონში მდებარე იმავე კომპანიის კუთვნილ 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულებაც შეადგენს დაახლოებით 1 000 000 ლარს, თუმცა აღნიშნული ვერ მოიყვანა სისრულეში მათზე გავრცელებული ყადაღის გამო.

საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე ყადაღა დაედო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ მიწის ნაკვეთებს, რათა ბრალდებულსა და მასთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს არ მისცემოდათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთების განკარგვის შესაძლებლობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, (19)180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები