დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის რიგით 22-ე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. სებ-მა გასაყიდად $40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა $37.2 მილიონი დოლარი აითვისა.
შედეგად დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან 1.2 თეთრით გამყარდა. ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი დოლარი 3.3186 ლარი ღირს.
დღესვე ლარი 4.07 თეთრით გამყარდა ევროსთან, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსიც 3.9143 ლარი გახდა.
მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 22 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად $747.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
ინტერვენციებთან დაკავშირებით გასული კვირის ბოლოს BMG ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, არჩილ მესტვირიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, სავალუტო აუქციონები საჭიროებისამებრ მომდევნო წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება.
“თქვენ იცით, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ოდენობის სავალუტო შემოდინებები დაკარგა ამ პანდემიის პერიოდში, რისი კომპენსირებისთვისაც მთავრობამ ისესხა უცხოური ვალუტით გარკვეული თანხები, რის საფუძველზეც ახდენს ფისკალურ სტიმულირებას ეკონომიკის. ჩვენი მიზანია, რომ ეს უცხოური ვალუტა მოხვდეს ბაზარზე, შესაბამისად პერიოდულად ვახორციელებთ ინტერვენციებს და ამ ინტერვენციებს გავაგრძელებთ 2020 წლის განმავლობაში და სავარაუდოდ მომავალი წლის პირველ ნახევარშიც.
მომავალ წელს ჩვენ რამდენი ინტერვენცია გვექნება და რა პერიოდულობით ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება პანდემია და რა მოცულობით იქნება ფისკალური სტიმულირება მთავრობიდან და რა იქნება მისი დაფინანსების წყაროები. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ წლის განმავლობაში ჩვენ გავაგრძელებთ ინტერვენციებს,”- ამბობს მესტვირიშვილი.




























