მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

37 სამედიცინო ასოციაცია პრემიერს და მთავრობას მიმართავს - Exclusive

5e4faa962b6e2
BM.GE
21.02.20 14:01
1857

37 სამედიცინო ასოციაცია 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით პრემიერს და მთავრობას წერილით მიმართავს, რომელსაც bmg უცვლელად გთავაზობთ: 

"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები.

მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება:

საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2019 წლის 3 დეკემბრის განცხადებაში აღვნიშნავდით, რომ დარგობრივ ასოციაციებთან კონსულტაციებისა და შეჯერებული გადაწყვეტილების მიღებამდე მიზანშეწონილად მიგვაჩნდა ამ დადგენილების მოქმედების შეჩერება.

სამწუხაროდ, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდა დარგობრივი ასოციაციების არგუმენტირებული პოზიციის გაზიარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გადაწყდა შექმნილიყო მუშა ჯგუფის შეხვედრები, რაც სამწუხაროდ, ასევე უეფექტო აღმოჩნდა, გაიმართა მხოლოდ ორი შეხვედრა (ბოლო 10 იანვარს) და მიღებული მინიმალური დაპირებები კვლავ შეუსრულებელია. მუდმივი მცდელობის მიუხედავად დღემდე ვერ ვიღებთ პასუხებს სპეცალისტების მიერ დასმულ კითხვებზე.

აქვე, განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დარგობრივ ასოციაციებს კარგად ესმით და აღიარებენ სახლმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესს, მოახდინოს საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია, რაზეც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება არაერთხელ მიუთითებდა.

ჩვენი მკაფიო პოზიცია იყო, რომ სახელმწიფოს პირველ რიგში მოეხდინა პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციის კრიტერიუმების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ განეხილა ტარიფიკაციის საკითხი.

დღეის მოცემულობით, 520-ე დადგენილების მიღებით, სახელმწიფო პასუხს სთხოვს არა მხოლოდ არაკეთილსინდისიერ და სამედიცინო დახმარების მინიმალურ სტანდარტებთან შეუსაბამო კლინიკებს, მათ მიერ არასწორად მოთხოვნილ თანხებზე, არამედ ყველა კლინიკას თანაბრად.

ბუნებრივია, ეს მიდგომა გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ის ფისკალური ეფექტი, რაზეც გათვლილია ზემოთ აღნიშნული დადგენილება, აშკარად არათანაზომიერია იმ ზიანთან, რაც შეიძლება მიადგეს ჩვენს ქვეყანაში გარკვეული დარგების(განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურის) არსებობას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საკითხის განხილვას, ხოლო მანამდე მოხდეს მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება"-ნათქვამია წერილში.

წერლს ხელს 37 სამედიცინო ასოციაცია აწერს, მათ შორის კარდიოქირურგთა ასოციაცია, ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია, უროლოგთა ასოციაცია, ნეიროქირურგთა ასოციაცია, ონკოლოგთა ასოციაცია, გულის რიტმის ასოციაცია, ანეზთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის ასოციაცია და ქირურგთა ასოციცია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები