მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, აშშ-ის მასშტაბით, ელექტრომობილების გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 438 487 ერთეულს მიაღწია - ამის შესახებ Cox Automotive-ის პუბლიკაციაშია საუბარი.
ანგარიშის თანახმად, ივლისი-აგვისტოს პერიოდში ელექტრომობილების გაყიდვები, მეორე კვარტალთან შედარებით, 40.7%-ით გაიზარდა, წლიურად კი - 26.9%-ით. ამასთან, ელექტრომობილების გაყიდვებმა მესამე კვარტალში 20%-ით გადააჭარბა წინა რეკორდს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ რეკორდულად გაიზარდა ელექტრომობილების წილი ავტომობილების გაყიდვების სრულ მაჩვენებელშიც და მესამე კვარტალში 10.5% შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ელექტრომობილების წილი გაყიდვებში 8.6% იყო.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად გაყიდვების რეკორდული ზრდისა, ტენდენცია არ გავრცელდა ყველა ავტომწარმოებელზე. მაგალითად, Mercedes-Benz-ის ელექტრომობილების გაყიდვების მაჩვენებელი თითქმის უცვლელად შენარჩუნდა მთელი წლის განმავლობაში, Toyota-ს და Nissan-ის შემთხვევაში კი უფრო მეტიც - 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, გაყიდვები შემცირდა.
ელექტრომობილების გაყიდვების ზრდა დააფიქსირეს Volkswagen-მა, General Motors-მა, Honda-მ და Hyundai-მ, მათგან პირველმა ორმა კი წლიურად თითქმის გააორმაგა მაჩვენებლები. რაც შეეხება ელექტრომობილების პიონერს, Tesla-ს, მისი გაყიდვები წლიურად 8%-ით გაიზარდა. თ, ელექტრომობილების მთლიან გაყიდვებში Tesla-ს წილი 2024 წლის მესამე კვარტალში არსებული 49%-დან 41%-მდე შემცირდა.
მესამე კვარტალში ელექტრომობილთა დაახლოებით 90 მოდელის გაყიდვა დაფიქსირდა, თუმცა მხოლოდ ცხრამ აჩვენა 10,000 ერთეულზე მეტის რეალიზაცია. Tesla Model Y და Model 3 კვლავ გამოირჩევიან, შესაბამისად, 114,000+ და 53,000+ მაჩვენებლით. ახალი Chevy Equinox კი გასულ კვარტალში მესამე ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი იყო თითქმის 25,000 ერთეულით.
Cox Automotive-ი მეოთხე კვარტალსა და 2026 წლის პირველ თვეებში ელექტრომობილების გაყიდვების მნიშვნელოვნად შემცირებას პროგნოზირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ავტომწარმოებელმა უკვე შეაჩერა ახალი პროდუქტების გამოშვების გეგმები, ანგარიშში აღნიშნულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში - მომდევნო 10 წლის ან მეტის განმავლობაში - მხოლოდ შიდა წვის ძრავით (ICE) მომუშავე ავტომობილების გაყიდვებში კლების ტენდენცია შენარჩუნდება. ელექტროფიცირებული ავტომობილები - ჰიბრიდები, plug-in ჰიბრიდები და სუფთა ელექტრომობილები კი - ინდუსტრიის მომავალია.




























