დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილე ნანა გახარია BM.GE-სთან აცხადებს, აფხაზეთის ომიდან სამი ათწლეულის შემდეგაც კი დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ნორმალური საცხოვრისი და მათი უმეტესობა ისევ დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში, ყოველგვარი ღირსეული და ადამიანური პირობების გარეშე ცხოვრობს. ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც 4-4 ბინა აქვთ კორუფციის შედეგია.
„ბანერის კეთებისას ადამიანმა მითხრა, რომ ყველა დევნილს 4-4 ბინა აქვსო და რა გაუჭირდა ამ ადამიანს, რომ თავი დაიწვაო (საუბარია დევნილ, ზამირ კვეკვესკირზე, რომელმაც წელს, 27 იანვარს თავი დაიწვა. ის შეხვედრასა და ვინმესთან ლაპარაკს ითხოვდა, საცხოვრისთან დაკავშირებით). სწორედ 4-4 ბინა ვისაც აქვს, კორუფციის შედეგია. ხოლო დევნილებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ, მათი წილი მაღალია. ხო და კეთილი ინებონ, საფუძვლიანად შეისწავლონ სათითაოდ ყველას მდგომარეობა და მხოლოდ შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნანა გახარიამ.




























